თავში

თებერვლიდან ხორცის გაძვირებას ელიან

თებერვლიდან ხორცის გაძვირებას ელიან
თებერვლიდან ხორცის გაძვირებას ელიან

ანალიტიკოსების ინფორმაციით, თებერვლიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების მკვეთრი გაძვირებაა მოსალოდნელი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ნიკა შენგელია ამბობს, რომ ფასი მოიმატებს როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე ადგილობრივ პროდუქტზეც, რის ტენდენციაც უკვე შესამჩნევია.

მისი თქმით, გარდა ხორცისა, ძვირდება სოიო, ზეთი, სიმინდი და ენერგომატარებლები, კერძოდ, ბენზინი, რაც ლოჯისტიკის მომსახურებაზეც ადეკვატურად აისახება.

,,დიდ გაძვირებას ველოდებით თებერვლიდან, განსაკუთრებით ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე იმპორტულის ფასიც მოიმატებს. აქედან გამომდინარე ზრდა გვექნება პირველ და მეორე კვარტალში. ის, რომ პირველ კვარტალში ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს, არ ნიშნავს, რომ შემცირდება. პირიქით, პროდუქტი გაძვირდება.  ჩვენი გათვლით, 10 თებერვლიდან ხორცის ფასი 8-10%-ით მოიმატებს. ის, რომ ინფლაცია გვექნება შემცირებული, თარგეთირებული, მაგრამ მხოლოდ ციფრებია. მოსახლეობას ეს ინფორმაცია არაფერს აძლევს, ინფლაცია მიზნობრივისგან ახლოს იქნება თუ დაშორებული,  რა მნიშვნელობა აქვს, როცა ფასები მაინც იზრდება. მით უმეტეს, ლარის კურსიც არასტაბილურია. საეჭვოა, კურსი 3,20-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, სავარაუდო მაჩვენებელი სადღაც 3,30 ლარის ფარგლებში გვექნება", - ამბობს ნიკა შენგელია.

რაც შეეხება ადგილობრივ ხორცს, მისი თქმით, ფასს 2 ფაქტორი განსაზღვრავს: ერთი, რომ  საქონლის საკვები ძვირდება, იანვრიდან უფრო გაძვირებული პარტიები შემოვა. ამასთან, როგორც ნიკა შენგელია ამბობს, დეკემბერ-იანვარში თითქმის მასიურად იკვლება პირუტყვი, რადგან გამოკვება რთულია. შესაბამისად, გლეხი მხოლოდ აუცილებელ, მეწველ საქონელს უტოვებენ, მეხორცულ საქონელს, 60-70%-ს მოსახლეობა სასაკლაოებში აბარებს. ახლაც ეს ტენდენციაა, რაც სამომავლოდ როგორც პირუტყვის ცოცხალი წონის ფასზე, ასევე მზა პროდუქტის ღირებულებაზეც აისახება.

შეგახსენებთ, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების გაძვირება ოფიციალური სტატისტიკის მიხედვითაც დასტურდება. ,,საქსტატის მონაცემით, ფასები ამ მიმართულებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system