თავში

ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ

ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ
ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ

2021 წლის პირველ კვარტალში ტელე მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 14.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 13.2 მილიონი ლარი პირდაპირ რეკლამასა და სპონსორობაზე მოდის. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა. მათი ინფორმაციით, ჯამური სარეკლამო შემოსავლების ზრდა „ტელეკომპანია პირველს“, „სილქნეტს“, „ფორმულას“, ასევე „პოსტვს“, „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და „რ.ბ.ჯ“-ს ჰქონდათ, ხოლო „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავლებში კლება დაფიქსირდა.

არხების მიხედვით სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა:

ტელეიმედი - 5.3 მილიონი ლარი
რუსთავი 2 - 2.0 მილიონი ლარი
მთავარი არხი - 1.9 მილიონი ლარი
ტელეკომპანია პირველი - 1.2 მილიონი ლარი
სილქნეტი - 0.8 მილიონი ლარი
ფორმულა - 0.7 მილიონი ლარი
პოსტვ - 0.7 მილიონი ლარი
ჯი-დი-ეს თი-ვი - 0.6 მილიონი ლარი
რ.ბ.ჯ - 0.2 მილიონი ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 0.2 მილიონი ლარი
სხვა - 1.0 მილიონი ლარი

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო შემოსავლები მოიცავს პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებსა და ტელეშოფინგს.

ცნობისთვის, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტლების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში 3%-იანი - კლება. ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა.

სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“ -ს 41%, 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 %, 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2“-ს 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.

უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა - 39% ტელეკომპანია „იმედი“, 17% - „რუსთავი 2“, 15% - „მთავარი არხი“, 8% - „ტელეკომპანია პირველი“ 4%- GDS-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system