თავში

თხილის ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია

თხილის ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია
თხილის ახალი სეზონისთვის სამზადისი დაწყებულია

თხილის ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი თოდუას ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის მუშაობა მთელი რეგიონის მასშტაბით უკვე დაიწყო. წამლობა აპრილიდან ჩატარდება, ხოლო საპროგნოზო მაჩვენებელი მაისშიგახდება ცნობილი. როგორც თოდუა report.ge-თან ამბობს, ფაროსანას საფრთხე წელსაც არის, შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებები კომპლექსურად ჩატარდება, როგორც იყო 2020 წელს, რამაც მოსავლიანობაზე დადებითად იმოქმედა. 

,,ახალი სეზონისთვის მუშაობა დაწყებულია. თებერვალი-მარტი არის თხილის სეზონისთვის წინა მოსამზადებელი პერიოდი, უკვე აპრილის დასაწყისში პირველ წამლობას ჩავატარებთ. სასუქების შეტანა რეკომენდირებულია თებერვლის ბოლოდან, გამოცდილებამ აჩვენა, რომ კარგი მოვლის შემთხვევაში, როგორიცაა გასხვლა, წამლობა, სასუქების შეტანა, მოსავლის აღება-დაფასოება და სხვა, უკეთესი შედეგი მიიღწევა. შესაბამისად, მოტივაციაც გაზრდილია. ამის საფუძველი კი თხილის ფასია, რომელიც შარშან ძალიან სტაბილური იყო და წელსაც ასეა. ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ხარისხის თხილის ჩაბარება გლეხებს 7 ლარად შეუძლიათ, ხოლო ხარისხიანი პროდუქტის ფასი 9 ლარს მცირედით აღემატება. ცხადია, მოტივაციაც დიდია, თუმცა ფაროსანა კვლავ რჩება საფრთხედ. ამიტომ  პრევენციის ზომები არ უნდა შევასუსტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე დაგვაარალებს, რასაც 2016 წელს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო სექტორი მთავრობასა და ფერმერებთან ერთად მავნებელთან ბრძოლას, ასევე კომპლექსურად ვიბრძვით სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, რაც შედეგზეც აისახება", - ამბობს გიორგი თოდუა.

მისი ინფორმაციით, თხილის ასოციაციაში გაწევრიანებული ფერმერების რაოდენობა 25 ათასს აღწევს და წელს კიდევ 10 ათასით გაიზრდება, რაც მოწმობს, რომ მეთხილეობის განვითარების მიმართ რეგიონში დიდი ინტერესია.

რაც შეეხება მარაგს, თოდუას თქმით, 10-12 ათასი ტონა თხილი ჯერ კიდევ არის ადგილზე, რომელიც უახლოესი თვეების განმავლობაში გავა ექსპორტზე. მისი თქმით, აპრილი-მაისი ბოლო ვადაა, როცა ძველი მოსავალი გადის ქვეყნიდან და შემდეგ უკვე ახალი პროდუქტის მისაღებად ემზადებიან.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 15.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 81.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.2 ათასი ტონით (50%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 27.7 მლნ აშშ დოლარით (52%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system