თავში

წყლის ტარიფის ზრდას სასტუმროების ბიზნესი მოუმზადებელი ხვდება

წყლის ტარიფის ზრდას სასტუმროების ბიზნესი მოუმზადებელი ხვდება
წყლის ტარიფის ზრდას სასტუმროების ბიზნესი მოუმზადებელი ხვდება

წყლის ჰიბრიდული ტარიფის დაწესებას საოჯახო სასტუმროების მფლობელების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ტარიფის შეცვლა მათთვის მოულოდნელია და ცვლილების შესახებ პირველად სწორედ report.ge-ს საშუალებით შეიტყვეს. 

ისანში მდებარე საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელმა ნათია დარასელიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოსავალი ისედაც არ აქვს დიდი და ახალი ტარიფი ხარჯს გაზრდის. 

,,ცვლილება მოულოდნელია, არც კი ვიცოდი, რომ ტარიფის გადახედვა იგეგმებოდა. მხოლოდ ახლა, თქვენგან შევიტყვე. წინასწარ ამის შესახებ ჩვენთვის არავის უთქვამს. ელემენტარულად, ინფორმაცია უნდა გვქონოდა. თუმცა როგორიც არ უნდა იყოს, გადავიხდი, რასაც კანონი დამაკისრებს", - ამბობს ნათია დარასელია.

თუმცა საოჯახო სასტუმროების ნაწილში ტარიფის შეცვლამ უკმაყოფილება გამოიწვია. სოლოლაკში მდებარე მცირე სასტუმროს მფლობელმა თინათინ გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბინას სეზონურად აქირავებს და აქედან მიზერული შემოსავალი იღებს. მისი თქმით, წყლის ტარიფის გაძვირება ტვირთად დააწვება და გარკვეული ზომების მიღება მოუწევს.

,,სასტუმრო მიკრობიზნესად  მაქვს დარეგისტრირებული. ერთ ოთახს ვაქირავებ და მეც აქვე ვცხოვრობ. სახლში ერთი სველი წერტილია და შესაბამისად - მრიცხველიც ერთია. არ მესმის, განსხვავებული გადასახადი რა ფორმით უნდა გადავიხადო? თუკი მეორე მრიცხველის მონტაჟს მომთხოვენ, უმჯობესია, სასტუმრო გავაუქმო. ამ ხარჯის გაწევა, ელემენტარულად, არ მიღირს", - ამბობს მეწარმე.

შეგახსენებთ, რომ წყლის ჰიბრიდული გადასახადი საოჯახო სასტუმროებზე 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად, აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system