თავში

ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება იგეგმება

ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება იგეგმება
ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება იგეგმება

დღეს კანონმდებლები ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირებასაც განიხილავენ.

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსის“ კანონპროექტის მიხედვით, თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24- საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.

პროექტის გათვალისწინებით, ცვლაში მუშაობა ნიშნავს სამუშაო დროის ორგანიზების მეთოდს, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ერთი და იმავე სამუშაოზე განსაზღვრული გრაფიკის, მათ შორის როტაციული გეგმის შესაბამისად, იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაო პროცესის გაგრძელება დასაქმებულისთვის დადგენილი სამუშაო კვირის ხანგრძლივობაზე მეტ ხანს.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება მიმდევრობით ორ ცვლაში მუშაობა. ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა კი, განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც დაამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ სამთო-მომპოვებელ სფეროში სამუშაო დროის რეგულირების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად. რაც შეეხება ღამით მუშაობის შეზღუდვას, ცვლილებებით დაკონკრეტებულია, რომ ამ კანონის მიზნებისთვის ღამის დრო გულისხმობს პერიოდს 22 საათიდან ექვს საათამდე, ღამის სამუშაოზე დასაქმებული კი, არის ნებისმიერი პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში. ცვლილებების მიხედვით, წლიური სამუშაო დროის ღამის სამუშაოს პროპორციულ განაკვეთს განსაზღვრავს მინისტრი, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, აიკრძალება ასევე ღამის სამუშაოზე არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო სამ წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება, მისი თანხმობის გარეშე.

პროექტის გათვალისწინებით, მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system