თავში

ტურიზმი ახალი ფასების ძიებაშია

ტურიზმი ახალი ფასების ძიებაშია
ტურიზმი ახალი ფასების ძიებაშია

ტურიზმი ძალებს იკრებს, თუმცა მომსახურების სეგმენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გაძვირდა. როგორც ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რესტორნებმა და სასტუმროებმა ჯერჯერობით საცდელი ფასები დააწესეს და შედეგს დააკვირდებიან. რაც შეეხება მუზეუმებსა და ტურისტულ ადგილებში შესასვლელ ბილეთებს, ძველი ტარიფები ძალაში დარჩა. ავიაბილეთების ფასი კი დაახლოებით 20-25%-ით არის გაზრდილი, რაც დამსვენებლებისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია და მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტის გარდა, შეიძლება, საქართველოში დასვენება ბევრს გაუჭირდეს. 

როგორც წამყვანი ტურისტული კომპანიის „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ნატალია კლიმიაშვილი report.ge-თან ამბობს, მომსახურების ფასები საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა გეზი ზრდისკენაა მიმართული, ხოლო ახალი საფასო პოლიტიკა რამდენად გაამართლებს, დაკვირვების პროცესს გადის.

,,პირველ რიგში, მიმოსვლა საგრძნობლად გაძვირებულია. საწვავის ფასმაც მოიმატა და ცვლილება გარკვეულწილად ამითაც არის განპირობებული. მუზეუმები არსებულ ტარიფებს ინარჩუნებენ, თუმცა რესტორნებმა და სასტუმროებმა ინდივიდუალურად დააწესეს ფასები, ვის როგორც შეუძლია, თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ეს სავარაუდო ფასია, ყველა ელოდება, როგორ იმუშავებს ახალი ტარიფი, ცვლილება ჯერჯერობით უმნიშვნელოა. აკვირდებიან, რა შედეგს გამოიტანს, ყველა ერთმანეთს ელოდება. ამ დროს სამომხმარებლო ბაზარზე ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის, საკვები პროდუქტები. შარშან ერთი ადამიანის კვება 40-60 ლარის ფარგლებში ჯდებოდა. წელს მეტი ხარჯი იქნება გასაწევი. ცხადია, საგზურები გაძვირდება, საქართველოს კი არ შეუძლია ტურისტებს მაღალი დონის მომსახურება შესთავაზოს, სანახაობა არის, მაგრამ მომსახურების დონე ევროპულს ბევრად ჩამორჩება, ფასებით კი ევროპულს ვუტოლდებით. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე კი ფულიანი ტურისტის მოზიდვა ძალიან გაუჭირდებათ. ვისაც ფული აქვს წავა სხვა ქვეყანაში, რადგან ძალიან მაღალი დონის მომსახურებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოში ვერ მიიღებს", - ამბობს ნატალია კლიმიაშვილი.

მისი თქმით, შემომყვან ტურებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ასევე სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა და ,,კომენდანტის საათი", რის გამოც ტურისტებს საქართველოში დასვენება არ სურთ. 

სახმელეთო გზის გახსნა აუცილებელია, რომ ტურიზმმმა ყველა მიმართულებით შეძლოს შემოსვლა, პირდაპირი რეისები არ არის, თუმცა კანტი-კუნტად ტურისტები მაინც შეინიშნება, რამდენიმე ჯავშანიც გაჩნდა, მაგრამ ჯგუფებზე ჯერჯერობით შეკვეთა არ არის. ძირითადად ინდივიდუალური ტურებია, ადამიანები, რომლებიც უკვე ნამყოფი არიან საქართველოში და გულით სურთ დასვენება. ყველა ელოდება ,,კომენდანტის საათის" მოხსნას. საბოლოოდ დალაგდება სიტუაცია მომდევნო 1 თვეში და გვეცოდინება, საით გადაიხრება ვექტორი - საზიანოდ თუ სასარგებლოდ. ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით რთველში, ტურისტული ჯგუფების მასპინძლობას შევძლებთ", - დასძენს კლიმიაშვილი report.ge-თან. 

ფასების ზრდაზე საუბრობს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ ტურისტულ ნაკადებზე გაძვირება ნეგატიურად აისახება.

,,ფასებმა გეზი ზრდისკენ აირეს. პირველ რიგში, დიდი ცვლილება განიცადეს ავიაბილეთებმა, 20-25%-ის ფარგლებში არის გაძვირებული. ავიაცია ფიქრობს, რომ მაღალი გადახდისუნარიან მგზავრებს მოემსახუროს, პირველ ეტაპზე მაინდ და მერე დარეგულირდეს ტარიფები. არ ვიცი, ეს მიდგომა რამდენად გაამართლებს. რეალურად დაბრკოლებას ქმნის ტარიფების ზრდა, შემომყვანს ტურებზე ეს ფაქტორი ცუდად იმოქმედებს. დროთა განმავლობაში სიტუაცია ისედაც შეიცვლება. არსებული პრობლემის მიუხედავად, ოპტრიმისტურად ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ ზაფხულიდან მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჯგუფური ტურები კი დარჩემა მიმართულებად, რომელიც ყველაზე გვიან დაიწყებს აღდგენას. ცხადია, წამყვან ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ რარაც დონეზე ტურისტული ინდუსტრია არსებულ პრობლემას გაუმკლავდება", - აღნიშნა მანანა ალადაშვილმა report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system