თავში

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ
თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და აშშ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორთა ხუთეული ასე დაკომპლექტდა: თურქეთი (248.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (202.7 მლნ. აშშ დოლარი) ჩინეთი (193.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (167 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (98.4 მლნ. აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 248.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 45.2 მლნ. დოლარია, იმპორტი 203. 3 მლნ. დოლარი. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 15%-ია.

202. 7 მლნ. აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვა ფიქსირდება საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც ქვეყნის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 12.3%-ია. ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტზე 71. 1 მლნ. აშშ დოლარი მოდის, ხოლო  იმპორტზე მოდის 131. 6 აშშ დოლარი. 

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 193.7 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება, აქედან იმპორტი 139. 9 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო ექსპორტი - მხოლოდ 53.8 მლნ დოლარი.

საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა 167 მლნ. აშშ დოლარს აღწევს.  ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის 10.1%-ია. ამით აზერბაიჯანმა უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეოთხე ადგილი დაიჭირა.  2021 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 66.4 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსულია 100.6 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი.

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა 98.4 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება, რაც მთლიანი საგარეო ვაჭრობის 6%-ია და აშშ ამ მაჩვენებლით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში მეხუთე ადგილს იჭერს. 2021 წლის პირველ ორ თვეში აშშ-ში საქართველომ 16. 8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, ხოლო აშშ-დან საქართველოში შემოვიდა 81.6 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი.

საქსტატის მიხედვით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 73.5 პროცენტი შეადგინა. ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნიდან საქართველოს 9-სთან უფიქსირდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ ამ ქვეყნებში საქართველოს ბევრად ნაკლები პროდუქტი აქვს გაყიდული ექსპორტზე, ვიდრე იქედან შემოტანილი იმპორტით. ათეულში ერთადერთი ქვეყანაა ბულგარეთი, რომელთანაც საქართველოს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი, ანუ 2021 წლის პირველ 2 თვეში საქართველომ ბულგარეთში ბევრად მეტი, 36.3 მლნ. დოლარის პროდუქცია დააექსპორტა, ვიდრე ბულგარეთიდან იმპორტზე შემოიტანა. ბულგარეთიდან საქართველომ დროის ამავე მონაკვეთში იყიდა 14.9 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია. 

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system