თავში

თურნავა: ბეირუთის ტრაგედიასთან საქართველოს კავშირი უსაფუძვლოა

თურნავა: ბეირუთის ტრაგედიასთან საქართველოს კავშირი უსაფუძვლოა
თურნავა: ბეირუთის ტრაგედიასთან საქართველოს კავშირი უსაფუძვლოა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა. როგორც მინისტრმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ამ შემთხვევაში ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს.

„ამონიუმის გვარჯილა არის აზოტოვანი სასუქი, რომელსაც წლებია უკვე საქართველოც აწარმოებს და ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი მისი მოხმარების და შენახვის ტექნოლოგია დაცული არაა, შეიძლება სავალალო შედეგები მივიღოთ. საუბარია, რომ 2013 წელს მოხდა ამ გემის დატვირთვა ამ პროდუქციით ერთ-ერთ ჩვენს პორტში ყველა ნორმის დაცვით. ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”,-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით კავშირს გამორიცხავს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც. უწყებაში აცხადებენ, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

შეგახსენებთ, რომ ამონიუმის ნიტრატი, რამაც ბეირუთში უძლიერესი აფეთქება გამოიწვია, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 4000-ზე მეტი დაშავდა, ლიბანში საქართველოდან ჩავიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2750 ტონა ფეთქებადსაშიში ქიმიური ნივთიერებით დატვირთული, მოლდოვის დროშით მცურავი გემი RHOSUS, ბათუმის პორტიდან 2013 წელს გავიდა. ტვირთი მოზამბიკისთვის იყო განკუთვნილი. გემი რუს ბიზნესმენს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა.

ბეირუთის პორტში შესულმა გემმა, გაუმართაობის გამო, ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და მოგზაურობის გაგრძელების უფლება ვერ მიიღო. ხანგრძლივი დავის შემდეგ გრეჩუშკინმა გემი ბეირუთის პორტში მიატოვა და წავიდა. გემის რემონტი მას ძალიან ძვირი უჯდებოდა და ამ თანხის გადახდას დატვირთული გემის მიტოვება არჩია. 2014 წელს საშიში ტვირთის კონფისკაცია მოხდა და ის ბეირუთის საწყობში გადაიტანეს, სადაც 6 წლის შემდეგ, მასშტაბური კატასტროფის მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მოხდა. ადამიანური მსხვერპლის გარდა, დიდია ეკონომიკური ზარალი. 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წინასწარი მონაცემებით, ზარალის საერთო მოცულობა 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე აღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system