თავში

თვლიან თუ არა ჰესებს მოძველებულ ტექნოლოგიად

თვლიან თუ არა ჰესებს მოძველებულ ტექნოლოგიად
თვლიან თუ არა ჰესებს მოძველებულ ტექნოლოგიად

,,არ შეესაბამება სიმართლეს" - ასეთია “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) დასკვნა გავრცელებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, თითქოს ჰესები მოძველებული და დისკრედიტებული ტექნოლოგიაა. კერძოდ, დამოკიდებულებას, რომ კაცობრიობა წყვეტს დიდი ჰესების მშენებლობას და გამოყენებას და ახდენს ჰესების დემონტაჟს ევროკავშირი ახალ, დიდ და კასკადურ ჰესებს აღარ აშენებს, სსე-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით, WEG-ი ემიჯნება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მართალია, ქარის და მზის ტექნოლოგიები ინტენსიურად ვითარდება და იაფდება, მაგრამ არსად მსოფლიოში ეს პროცესი არ მოიაზრება როგორც ჰესების ალტერნატივა.

,,ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროები განიხილება წყალსაცავიან და ჰიდრომააკუმულირებელ სადგურებთან კომბინაციაში, როგორც ერთმანეთის შემავსებელი. სწორედ წყალსაცავიანი ჰესები იძლევა ქარის და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი სიმძლავრეების ქსელში ინტეგრირების ოპტიმალურ შესაძლებლობას. საქართველოში მზის და ქარის ენერგიის ქსელში ინტეგრირების შესაძლებლობები მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ენერგოსისტემაში შესაძლებელია 333 მგვტ ქარის და 130 მგვტ მზის სადგურების ინტეგრირება (პოტენციალის 25%). განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მონაცემებით, ჰესების სიმძლავრე ბოლო ათწლეულში გაიზარდა 30%-ით, 271 000 მეგავატის ოდენობით, რაც საქართველოში მოქმედი ჰესების სიმძლავრეზე 80-ჯერ მეტია", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, IRENA-ზე დაყრდნობით, ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ინტენსიურად ავითარებს ჰიდროენერგეტიკას. კერძოდ, ევროკავშირი ჰესებს განიხილავს როგორც ერთ-ერთ საკვანძო ტექნოლოგიას, რომლის პოტენციალის 60-70% აქვს ათვისებული. ევროკავშირი განაგრძობს კაშხლიანი და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების განვითარებას, არსებული სადგურების ეფექტიანობის გაზრდას და არსებული კაშხლების ამაღლებას მეტი წყლის შესანახად.

გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლის თქმითაც, არ შეიძლება, ჰესები მოძველებულ და დისკრედიტებულ ტექნოლოგიად ჩაითვალოს, რადგან აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში და სხვა განვითარებულ სახელმწიფოებშიც, მაღალ დონეზეა.

,,საჯარო ინფორმაციაა და დაინტერესების შემთხვევაში, შგვიძლია გავიგოთ, რას აპირებს, მაგალითად, იაპონია ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ანუ ქვეყანაში, რომელიც სეისმოლოგიურად საშიში ზონაა. ამ მიმართულებას ავითარებს შევეიცარიაც, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას თავისი პოტენციალის 90%-ზე მეტი ათვისებული აქვს. ამით აიხსნება ჰესების მშენებლობის დაბალი ტემპი, მათ უკვე ააშენეს ყველაფერი, რის აშენებაც ეკონომიკურად და ტექნოლოგიურადაც შესაძლებელი იყო. ეს პრობლემაა და არა ის, რომ აღარ ააშენებენ. ტექნოლოგიურად ჰესი მოძველებული ვერ იქნება. შეიძლება, რაღაც გაუმჯობესდეს - ტურბინის პროფილი, მართვის სისტემა და სხვა, მაგრამ მთავარი პრინციპი არ შეიცვლება. დავუშვათ, რომ 1947 წელს აშენებული ტურბინა უფრო ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე 2020 წელს დამზადებული, ეს პრინციპულად არაფერს ცვლის, მაგრამ ამ ტურბინების მარგი ქმედების კოეფიციენტი იმდენად მაღალი იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში და დღესაც, მცირედ შეიძლება შეიცვალოს მონაცემები. მოძველებული უფრო არის თბოელექტროსადგურების მიმართულებით, იმიტომ, რომ ახალი ტურბინების შემოტანამ მათი მარგი ქმედების კოეფიციენტები 45%-მდე გაზარდა, როცა მანამდე 37%-მდე იყო, ეს ნამდვილად წინსვლაა", -  განმარტავს report.ge-თან გია არაბიძე.

WEG-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჰესებთან დაკავშირებულ დისკუსიაში ხშირად ვხვდებით არასწორი ინფორმაციით მანიპულირებას. გავრცელებული მოსაზრებების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება საქართველოსთვის ახალი ჰესების სარგებლიანობის დაკნინებას, მათი საფრთხეების გაზვიადებას და ყურადღების გადატანას სხვა, ნაკლებ რეალისტურ ალტერნატივებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system