თავში

უძრავი ქონება გაიაფდა

უძრავი ქონება გაიაფდა
უძრავი ქონება გაიაფდა

ეროვნული ბანკის უძრავი ქონების ფასის ინდექსის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების ფასები მცირდება. აგვისტოში ინდექსი, ივლისთან შედარებით, 9.9 პუნქტით შემცირდა და 424.6-ს გაუტოლდა. ბოლო ოთხ თვეში უძრავი ქონების ფასის ინდექსი 36.7 პუნქტითაა შემცირებული.

სპეციალისტები ფასების შემცირებას COVID-19-ის კრიზის გამო შემცირებულ მოთხოვნას უკავშირებენ.

“უძრავი ქონებით განხორციელებული ტრანზაქციები 2020 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით თბილისში 65 პროცენტით, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 64 პროცენტით შემცირდა. ტრანზაქციების შემცირებაზე, გარდა მოთხოვნის შემცირებისა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია COVID-19 ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემოღებულმა შეზღუდვებმა, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლამ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც მოსახლეობის შემოსავლები ლარშია, ბაზარზე გავრცელებული პრაქტიკით ბინის ფასების დოლარში კვოტირება გაცვლითი კურსის მერყეობისას დამატებით გაურკვევლობას იწვევს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება ბაზრის აქტივობაზე. მოსალოდნელია, რომ, გაურკვევლობის შემცირებისა და კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ ზრდას დაიწყებს. უძრავი ქონების საინვესტიციო მიმზიდველობის შემცირება საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას განსაკუთრებით ბათუმში შეამცირებს. ბათუმის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ნაწილი საინვესტიციო ხასიათისაა, რაც მნიშვნელოვანწილად ტურისტული შემოდინებებით განისაზღვრება. აღნიშნული აჭარის რეგიონს ტურისტული ნაკადების შემცირების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის. პანდემიის პირობებში საჰაერო და სახმელეთო გადაადგილებაზე შემოღებულმა შეზღუდვებმა ტურისტული ნაკადები გაურკვეველი ვადით მკვეთრად შეამცირა. შედეგად მოსალოდნელია, რომ ბათუმში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცემა, რაც, სავარაუდოდ, ფასების შემცირებაშიც აისახება. სექტორის გაჯანსაღება დიდწილადაა დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორებაზე, პანდემიით გამოწვეული რეცესიის სიღრმეზე და ხანგრძლივობაზე,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system