თავში

უნდა ველოდოთ თუ არა პურის გაძვირებას - Exclusive

უნდა ველოდოთ თუ არა პურის გაძვირებას
უნდა ველოდოთ თუ არა პურის გაძვირებას - Exclusive

სტატისტიკის ეროვნუკლი სამსახურის მონაცემებით, წელს პური 11% -ით გაძვირდა წინა წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით. პურის მრეწველთა კავშირში კი ამბობენ, რომ პურის ძირითადი ასორტიმენტი მტკივნეულად არ გაძვირებულა და მასობრივი მოხმარების პურის ფასი მხოლოდ 5 თეთრით გაიზარდა. კავშირში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში პურის ფასის ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა, ეს ძვირად უჯდებათ პურის მწარმოებლებს.

როგორც "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე REPORT.GE-ს უხსნის, ფასი თვალშისაცემად გაიზარდა დიეტურ, დიაბეტურ, ჭვავის პურზე. მეწარმეები სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ცდილობენ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი დაჭირონ. მისი თქმით, დღეს პურის მასიური ასორტიმენტის ღირებულება 1 ლარის ფარგლებში მერყეობს.

"ლარის გაუფასურების პირობებში რიგი მცირე და საშუალო ბიზნესოპერატორები ჩვენს სეგმენტში გაჩერდა. რამდენიმე კვირის წინ ვაკის ავსტრიულმა საცხობმა წარმოება გააჩერა ხარჯის ზრდისა და შემოსავლის კლების გამო. ჩვენს წარმოებას სერიოზულ პრობლემას უქმნის ლარის გაუფასურება და ენერგომატარებლების სიძვირე. წელს ყაზახური ხორბლის მოუსავლიანობის გამო, ამჟამად ქვეყანას ხორბლით მხოლოდ რუსეთი ამარაგებს. ხორბლის ფასის ზრდა წელს მთელი მსოფლიოს პრობლემა იყო. 1 ტონა ხორბლის ფასი 240 დოლარს შეადგენს. საქართველოში ლარის დევალვაციამ ხორბლის იმპორტი კიდევ უფრო გააძვირა. ენერგომატარებლების სიძვირის გამო წარმოებას ერთი 50-კილოიანი ტომარა ხორბლის გადამუშავება 48-49 ლარი უჯდება. ამას დაუმატეთ საფუარის ღირებულება. ამჯამად საფუარის 12-კილოიანი ყუთის ფასი 35-40 ლარის ფარგლებში მერყეობს დოლარის კურსის ცვლილების კვალდაკვალ. გასათვალისწინებელია ცხობისთვის მოხმარებული ენერგომატარებლების ღირებულებაც, შეფუთვა და ტრანსპორტირების ხარჯი და მივიღებთ ისეთ თანხას, რომ ცხადი გახდება, თუ როგორ უჭირს პურის მწარმოებლებს ფასის შენარჩუნება,"  - განუმარტა REPORT.GE-ს მალხაზ დოლიძემ, რომელიც პურის წარმოებაში 50 წელია ჩართულია და ხორბლის, ფქვილისა და პურის ბაზარებს იკვლევს.

მისი განმარტებით, თუ საქართველოში პურის ფასს მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო რეგიონის ტრენდს მიჰყვება. სპეციალისტის რეკომენდაციით, თუ გვინდა, რომ პურის ფასი სტაბილური იყოს, ქვეყანამ საერთასორისო პრაქტიკა უნდა გაიზიაროს. მალხაზ დოლიძის თქმით, ჩვენს სამეზობლოში კვების პირველადი პროდუქტებისთვის დღგ-ის გადასახადი 5%-მდე შეამცირეს, ჩვენთან კი ის 18%-ია. დოლიძის თქმთ, თუ მთავრობა პურის წარმოებას ამგადასახადს 10%-მდე მაინც შეუმცირებს, პურის თვითღირებულება შემცირდება, რაც ამ პროდუქტს გააიაფებს.

"არის კიდევ ერთი რამ. რუსეთიდან ხორბლის იმპორტს ბევრი მხარდამწერი არ ჰყავს ჩვენს ქვეყანაში. არადა, რუსეთიდან ხორბალი ბევრად იაფად შეიძლება შევიძინოთ. სტავროპოლსა და კრასნოდარში კერძო მეურნეები იმდენად იაფად ყიდიან ხორბალს, რომ თურქეთს, ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყანას, გააქვს ის თავის ქვეყანაში. მათგან ხორბალს ყიდულობს სომხეთიც და აზერბაიჯანიც. ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი, როცა შეიძლება დავზოგოთ ხარჯი, ვერ ვხვდები. გარდა ამისა, დიდი ხანია ვსაუბრობ საფუარის ქარხნის ამოქმედების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, რომ ქარხანა დასაქმებას გაზრდის, წაადგება პურის ინდუსტრიასაც. 100 კილო ფქვილზე 1 კილო საფუარი გამოიყენება. რეგიონში საფუარის ქარხანა აქვს სომხეთსაც, თურქეთსაც აზერბაიჯანსაც, არ აქვს მხოლოდ საქართველოსდა ეს მაშინ, როცა წლების წინ რეგიონში ერთადერთი საფუარის ქარხანა საქართველოში იყო ად მეზობლები ჩვენგან ყიდულობდნენ ამ პროდუქტს," -გვითხრა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველო ყოველწლიურად 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ადგილობრივი ხორბლის წარმადობა მხოლოდ 150-200 ათას ტონას უტოლდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system