თავში

ზეთი კიდევ გაძვირდება

ზეთი კიდევ გაძვირდება
ზეთი კიდევ გაძვირდება

იმპორტიორების ინფორმაციით, ზეთის ფასი კიდევ მოიმატებს. ამის შესახებ report.ge-თან საქართველოში ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანიის, ,,ალფას“ დამფუძნებელი და ზეთის იმპორტიორი კომპანია ,,ბარაქას" დირექტორი გურამ ბროძელი საუბრობს. მისი თქმით, გლობალურ ბაზრებზე მოსავლის სიმცირეა, რასაც ემეტება ლარის კურსისა და გაძვირებული საწვავის ფაქტორი, რაც ფასზე ერთობლივად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბროძელი ამბობს, რომ ტენდენცია მაისამდე გაგრძელდება, სანამ ბაზრებზე ახალი მოსავალი გამოჩნდება.

,,დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას ნამდვილად აქვს ადგილი. ამიტომ ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა. შესაბამისად, ყველა დასახალება გაძვირდა. ჩვენს შემთხვევაში, ლარის დიდი გაუფასურებაა, რამაც გააძვირა ლოჯისტიკა, საწვავის ფასიც უკვე მაღალ ნიშნულზეა, რაც იმპორტს აძვირებს. სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი.  მაღაზიებს ვერაფერს დავაბრალებ, მეტიც, ისინი 1 თვით აგვიანებენ ხოლმე გაძვირებას. ფასები მზარდია და როდის გაჩერდება, არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე ზეთის ღირებულება", - ამბობს ბროძელი და დასძენს, რომ ფასის ზრდის გამო ზეთის რეალიზაცია შემცირდა.

,,ცხადია, ფასების მატება ძალიან მტკივნეულია, რადგან ხალხს შემოსავალი არ აქვს და იძულებულია მოხმარებაც შეამციროს. ეს დასტურდება კიდეც რეალიზაციიდან გამომდინარე, ზეთისა და მარცვლეულის გაყიდვა თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგრძნობლად არის შემცირებული", - აღნიშნავს ბროძელი.

ფასებზე ლარის კურსის გავლენაზე საუბრობს იმპორტიორი ივა ჭყონია, რომლის იმფორმაციითაც, გარდა ზეთისა, მატულობს თითქმის ყველა სახის იმპორტირებული პროდუქტი, რის გამოც ბაზარზე დიდი ქაოსია.

,,იმპორტი ლარის კურსის გამო კატასტროფულ სიტუაციაში აღმოჩნდა.  ფასები მატულობს, რის საპირისპიროდ მცირდება შემოსავლები, შესაბამისად,  მსყიდვითუნარიანობამაც ასევე მკვეთრად იკლო. პროდუქციის დიდ ნაწილზე მოთხოვნა და, შესაბამისად, იმპორტიც ძალიან დაბალ დონეზეა. ხალხი მასიურად ცდილობს, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტი იყიდოს. მაგალითისთვის, ზეთი 4 ლარი ღირდა და 8-9 ლარი გახდა, ამ დროს შემოსავალი არ მატულობს, პირიქით, მცირდება. ცხადია, მომხმარებელი ზეთს ნებისმიერ ფასად შეიძენს, სამაგიეროდ, უარს იტყვის სხვა პროდუქტის, თუნდაც, ტკბილეული. ეს ნიშნავს, პირველად მოხმარებაზე მოთხოვნა პროპორციულად არის შემცირებული, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ბიზნესი აბსოლუტურ გაურკვევლობაშაა, რაც გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე გარკვეულად ცუდი მომავალი. ჩათვალეთ, რომ ეროვნული ვალუტა არ გვაქვს", - ამბობს ივა ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული. ეროვნული ბანკის ინფორმაიცით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.

მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პპ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system