თავში

ამ ვერსიას "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს - მინაშვილი

ამ ვერსიას "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს - მინაშვილი
ამ ვერსიას ნაციონალური მოძრაობა ხელს არ აწერს - მინაშვილი

ვიდრე ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნებია.

"როცა ლაპარაკია პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის მთავარი საკითხები. თავისთავად ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად „ქართულ ოცნებას“ მოუწია კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ორი მთავარი საკითხია პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც იყო ნაწილი 8 მარტის შეთანხმების. ასევე ვადამდელი არჩევნები აუცილებელი წინა პირობაა, რათა ქვეყანაში მოგვარდეს კრიზისი. 

ამ ვერსიით, რაც არის წარმოდგენილი და ამ მდგომარეობით, "ნაციონალური მოძრაობა" არ აწერს ხელს შემდეგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, ბუნდოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გამოშვების თემა. აქ არის საუბარი გირაოზე და იცით ჩვენი პოზიცია გირაოს გადახდაზე ნიკა მელიას შემთხვევაში. აქ არის საუბარი ამნისტიაზე და იმ ჩანაწერით, რაც არის ამ შეთანხმებაში, ესაა ძალიან ფართო ამნისტია და მოიცავს ასევე იმ ადამიანებს, იმ საჯარო მოხელეებს, ვინც გადამეტებული ძალის გამოყენებით და გადამეტებული ძალადობით ზიანი მიაყენა ადამიანებს, რომლებიც გამოხატავდნენ თავის პროტესტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ასეთ ამნისტიაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ასევე ამ შეთანხმების სუსტი წერტილებია ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე უნდა დარჩეს კიდევ ორი წელი. ანუ ადგილობრივ არჩევნებზე კიდევ უნდა იყოს თამარ ჟვანია და გაურკვეველია ზოგადად ამ დოკუმენტით, როდის ხდება ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება. გენერალური პროკურორი ისევ უნდა დარჩეს 5 წლის განმავლობაში. ახალ მოსამართლეებზე საუბარი არ არის, ძველი მოსამართლეებია და რეალური სასამართლო რეფორმა ვერ განხორციელდება, თუ სისტემაში არ არიან დამოუკიდებელი მოსამართლეები.

დაბოლოს, ის შემოთავაზება, რომელიც ეხება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიბმას ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის არასწორი მიდგომა, თვისობრივად სხვადასხვა არჩევნებია და ასეთი მიდგომა უფრო გაამძაფრებს, დაამძიმებს ვითარებას და მეტ პოლარიზებას მოახდენს. ამიტომ ჩვენთვის არის მიუღებელი", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system