თავში

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება" - ღარიბაშვილი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება" - ღარიბაშვილი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება - ღარიბაშვილი

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება; ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. პროცესები ჩვენთვის, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონის ქვეყნებთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ გაჟღერებული "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა.

"მე მაქვს ძალიან კარგი, უშუალო მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნის ლიდერთან - პრეზიდენტ ალიევთან, პრემიერ ფაშინიანთან. მოგეხსენებათ, წელს უკვე ოთხჯერ მქონდა ოფიციალური შეხვედრა - ორჯერ ვიყავი აზერბაიჯანში, ორჯერ ვიყავი სომხეთში და ორჯერ იყო ჩამოსული სომხეთის პრემიერიც და არაერთი ინტერაქცია მქონდა ორივე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის სატელეფონო. მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა თურქეთშიც, უმაღლეს დონეზე მიგვიღო პრეზიდენტმა ერდოღანმა და ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტური ნაბიჯები გადავდგით. ჩვენს მეზობლებს შევთავაზეთ არაფორმალური რეგიონული პლატფორმა დიალოგისთვის სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი). ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზაფხულში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც შევქმენით, უშუალოდ ჩემი მედიატორობით შედგა შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას შევუწყვეთ ხელი და ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით რეგიონში, რითაც ვაჩვენეთ არა მხოლოდ რეგიონს და მეზობლებს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, ამერიკას, ევროკავშირს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა დ სტაბილურობის მისაღწევად. ამის თაობაზე მქონდა ბრიუსელში საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და ამის თაობაზე ვისაუბრე გაეროს ტრიბუნიდანაც, როდესაც "მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივა გავაჟღერე. ამ ინიციატივის მიზანია დიალოგის განვითარება და ნდობის აღდგენა ჩვენს მეზობლებს შორის და საქართველოს, როგორც მედიატორის როლის განმტკიცება და გამოკვეთა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system