თავში

გამიჭირდება თქმა, ექვემდებარება თუ არა "გირჩის" რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას - სარჯველაძე

გამიჭირდება თქმა, ექვემდებარება თუ არა "გირჩის" რომელიმე პუნქტი
გამიჭირდება თქმა, ექვემდებარება თუ არა გირჩის რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას - სარჯველაძე

რა ინფორმაციაც მივიღე, გეტყვით, რომ ამ შვიდი პუნქტიდან ყველა არ არის ისეთი, რაც შეიძლება სერიოზულად განსახილველად ღირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში შესვლის წინაპირობად "გირჩის" დასახელებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტს საფუძვლიანად გაეცნობა და შეფასებებს შემდეგ გააკეთებს.

"სიმართლე გითხრათ, რაიმე კორელაციას ვერ ვხედავ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ამ არგუმენტებს შორის, თუმცა გამიჭირდება თქმა, რომ ყველა პუნქტი გამორიცხულია, როგორც განსახილველი საკითხი. ვფიქრობ, საკითხი არასწორად არის დაყენებული, რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ამ შემთხვევაში ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის. შევეცდები, მათი დოკუმენტი კიდევ ვნახო. ეს არის ჩემი პირველადი შეფასება.

ნულოვანი ბარიერი ერთი მიმართულებით შეიძლება იყოს ისეთი, რასაც შესაძლოა, დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი შეიძლება იყოს ის ეფექტი, რომელიც არა ბუნებრივ, ოდნავ მაღალ ბარიერს შეიძლება ჰქონდეს. საუკეთესო დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილებას უნდა გავეცნოთ. შეიძლება, იშვიათად წავაწყდეთ სახელმწიფოებს, სადაც მსგავსი მექანიზმი არსებობს. ასევე შეიძლება, წავაწყდეთ ისეთს, სადაც აღმოვაჩინოთ, რომ პარტიების სიძლიერე არც თუ ისე კარგი აღმოჩნდეს. ასეთ საკითხებს სიღრმისეული განხილვა სჭირდება, ყოველმხრივი ანალიზი და ამის საფუძველზე დასკვნის გაკეთება. იმისათვის, რომ მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდეს, მხოლოდ ამიტომ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იმთავითვე ცნობილია, რომ არაფერს ქვეყანაში ხელს არ შეუწყობს გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანის პიროვნულ აღქმად დააკმაყოფილებს, სწორი არ მგონია. ვერ გამოვრიცხავ, საერთო წერტილი ვიპოვოთ, მაგრამ გამიჭირდება წინასწარ იმის თქმა, რომ რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ხშირ შემთხვევაში, ამ პარტიის აღქმები არის რელევანტური, მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებზე შეიძლება ყველაზე მეტად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს. მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ არჩევნების გაყალბების დასაბუთება ოპოზიციამ ვერ შეძლო, ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო და დასაფასებელია. თუმცა, არსებობს საკითხები, რაზეც შეიძლება, დიდი განსხვავება იყოს ხედვებს შორის", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "გირჩმა" შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system