თავში

კალაძე: ადამიანის უფლებები რადიკალურად გაუმჯობესდა

კალაძე: ადამიანის უფლებები რადიკალურად გაუმჯობესდა
კალაძე: ადამიანის უფლებები რადიკალურად გაუმჯობესდა

ადამიანის უფლებები რადიკალურად გაუმჯობესდა, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის, - ამის შესახებ, კახა კალაძემ გურჯაანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით სონღულაშვილის წარდგენისას განაცხადა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის თქმით, საქართველოში არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ.

"მე აქ ძალიან ბევრ ნაცნობ ადამიანს ვხედავ და ჩვენ ყველას გვახსოვს, 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, გურჯაანის ფაქტობრივად ყველა სოფელი ფეხით შემოვიარეთ და გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო სწორედ ამ მიმართულებით: ჯანდაცვის სფერო, რომელიც გაუბედურებული იყო და განათლება - ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, შვილებისთვის, პატარებისთვის ელემენტარულად სახელმძღვანელო ეყიდათ. რეფორმა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანის უფლებები კარდინალურად გაუმჯობესდა, ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული აზრის დაფიქსირება დანაშაულის ტოლფასი აღარ არის და ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების გამოყენება.

აქაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ და პირობას გაძლევთ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები იდევნებოდნენ," - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system