თავში

ქეთევან ციხელაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან

ქეთევან ციხელაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან
ქეთევან ციხელაშვილი: მზად ვართ დიალოგისთვის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის და ნაბიჯებსაც დგამს დიალოგისკენ აფხაზურ და ოს საზოგადოებასთან.

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს და ნაბიჯებსაც ვდგამთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გაფართოებისაკენ. ეს აუცილებელია და, ვფიქრობ, ამის შესაბამისი ფორმებიც არსებობს. ისევე, როგორც არსებობს სივრცე და საკითხები.

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის (მათ შორის, ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“) და, საერთოდ, ჩართულობის პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ ის, რომ უნდა აეწყოს დიალოგი, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო. მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთი სფეროები, როგორიც არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების წახალისება ადამიანებს შორის.

არსებობს განათლების, ჯანდაცვის, გარემოს, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხების ირგვლივ ასევე დიალოგის სივრცე და კიდევ უფრო ფართო, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ, ამის შესაბამისი ფორმები გამოძებნადია. ეს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის „დაუწერელი თავიც“ კი არის. იმიტომ რომ არაერთი მოსაზრება, მათ შორის, არაფორმალურად თუნდაც აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან განგვიხილავს კიდეც.

თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, არის მისასალმებელი. ფორმებიც არის სხვადასხვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას. შესაძლებელია იყოს თბილისში ან თუნდაც სოხუმში. მთავარია შინაარსი და მზაობა სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system