თავში

მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი - დანიელსონი

მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი - დანიელსონი
მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი - დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ,,ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის თითქმის ათსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, ევროკავშირმა და ამერიკამ გულმოდგინედ იმუშავეს, რომ მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. 

მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. 

როგორც შვედმა დიპლომატმა აღნიშნა, ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს და მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს.

,,პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდათ ფოკუსირება მოეხდინათ კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

ზოგიერთ საკითხზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მოხდა პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით. ეს მისასალმებელია და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, აქ ნაკლები პროგრესი და წინსვლა იყო. 

ვბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს. ლიდერებზეა პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მოძებნონ. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და იმ გზაზე, რომელიც გასავლელია, და ექნებათ ნება, რომ წავიდნენ კომპრომისებზე, რათა წარმატებით განხორციელდეს მედიაციის პროცესი და ეს პროცესი იყოს უფრო ნათელი. მჯერა, რომ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი", -განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა. 

მედიატორი საქართველოს დღეს, 19 მარტს დატოვებს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია.

ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system