თავში

მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის

მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის
მოსამართლეთა მიმართ ახალი დისციპლინური სახდელები შემოდის

 “საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმი მცირდება. ამასთან, შემოდის ახალი დისციპლინური სახდელები.

პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების კვორუმის ცვლილება შესაბამისი გადაწყვეტილებების საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებაში გამოიხატება.

მოსამართლის დისციპლინურ გადაცდომათა სახეებს ემატება და გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მოსამართლის მიერ ასეთი ქმედების ჩადენა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ავტორიტეტს ლახავს და საქართველოს კონსტიტუციასა და სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამავე პროექტით, მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს ემატება ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

კანონპროექტით წარმოდგენილია დისციპლინური სამართალწარმოების ვადების შემცირება - განახევრება ყველა ეტაპზე, რაც ინიციატორთა შეფასებით, სამართალწარმოების ეფექტიანობის გაზრდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება.

ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - გურამ მაჭარაშვილმა, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ მოამზადეს. ინიციატორთა მიერ მოთხოვნილია ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system