თავში

მოვუწოდებთ პარლამენტს, გენდერული კვოტირების სტანდარტის გაუარესებას მხარი არ დაუჭიროს - განცხადება

მოვუწოდებთ პარლამენტს, გენდერული კვოტირების სტანდარტის გაუარესებას მხარი არ დაუჭიროს - განცხადება
მოვუწოდებთ პარლამენტს, გენდერული კვოტირების სტანდარტის გაუარესებას მხარი არ დაუჭიროს - განცხადება

ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გენდერული კვოტირების მოქმედი სტანდარტის გაუარესებას მხარი არ დაუჭიროს.

ორგანიზაციის განცხადებას report.ge უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილი გახდა 2021 წლის 21 ივნისს, გვიან ღამით საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვისას, შეიმუშავა ცვლილება, რომელიც აშკარად და დაუსაბუთებლად აუარესებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენისას გენდერული კვოტირების არსებულ სტანდარტს.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციით, პოლიტიკური პარტია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის წარსადგენ პარტიულ სიაში უზრუნველყოს გენდერული კვოტირება იმგვარად, რომ ყოველი ორი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს.იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესის ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომლის თანახმადაც, პარტიულ სიაში წარდგენილი არა ორი, არამედ სამი კანდიდატიდან ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

"უფლებები საქართველო" მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილება დაუსაბუთებელია და ვერ პასუხობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მხრივ არსებულ მწვავე გამოწვევებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღებისათვის ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მრავალი წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გასწიეს. 

საქართველოს პარლამენტში რამდენჯერმე მოხდა საკანმდებლო ინიციატივის და წინადადების წარდგენა, მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტირების მოთხოვნით საქართველოს 32 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ორჯერ დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

2020 წელს საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის, თუმცა ერთი წლის შემდეგ პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, შეცვალონ არსებული რეგულირება ნორმით დაცული პრინციპების საუარესოდ, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და დემოკრატიულ განვითარებას.ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, "უფლებების საქართველო" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს იურიდიული კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system