თავში

თბილისში ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს
თბილისში ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში „ელჩების კონფერენცია 2019“ მიმდინარეობს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას.

„დღეს, ამ ტრიბუნიდან, მოგმართავთ როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ისტორიაში პირველად, საქართველო ხელმძღვანელობს ესოდენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყანას. საქართველო იზიარებს და იცავს ძირითად ევროპულ ღირებულებებს, რომლებმაც განსაზღვრა კიდეც საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები; ესენია - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით“, - განაცხადა მინისტრმა. 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელჩების კონფერენციაზე შეაფასებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს 2019 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განვლილი წლის საქმიანობას და წარმოადგენენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმას და ახალ ინიციატივებს. განხილულ იქნება საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს საერთაშორისო პოლიტიკის გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თავდაცვას და უსაფრთხოებას, დემოკრატიულ განვითარებას, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვას, დიასპორასთან ურთიერთობას და სტრატეგიულ კომუნიკაციებს.

კონფერენციის ფარგლებში ცალკე სამუშაო სესია დაეთმობა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას და საქართველოს პრიორიტეტებს.

ამბასადორიალი 20 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენციით დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system