თავში

ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა - გია ვოლსკი

ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა - გია ვოლსკი
ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა - გია ვოლსკი

ნიკა მელია თავის უფროსთან წავიდა, გარკვეული ამოცანები შეასრულა თუ ვერ შეასრულა, უნდა განიხილოს იმ ადამიანთან, ვისგანაც ინსტრუქციები ჰქონდა მიღებული, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას უკრაინაში ვიზიტი.

ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილია და ვინც ასე არ თვლის, მათ მიმართ სააკაშვილს ხისტი და დამამცირებელი დამოკიდებულება აქვს. 

"პარტიის ფორმალურ, დე ფაქტო ლიდერთან მიდის თავმჯდომარე, რომელმაც საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო სტრუქტურები არსებობს თუ არ არსებობს, ვერ გაუვიდა ეს რევოლუციური სცენარი და ახლა ალბათ, შემდგომ ნაბიჯებზე იქნება მსჯელობა. მოცემულობაა ასეთი, რომ სააკაშვილია ლიდერი და ვინც იტყვის, რომ ლიდერი არაა და პოლიტიკიდან უნდა გავიდეს, სააკაშვილმა ძალიან ხისტი შეფასება გააკეთა მათ მიმართ. საკმაოდ დამთრგუნველი და დამამცირებელი შეფასება იყო ეს მათ მიმართ, ვინც გაიფიქრებს, რომ სააკაშვილი ჩამოსცილდა პოლიტიკას და არ ხელმძღვანელობს "ნაციონალურ მოძრაობას". დესტრუქცია არის მათი ერთადერთი სტრატეგიული ამოცანა, ამაში ჯდება ნიკანორ მელიას დანაშაულებრივი ქმედებები. დანაშაულია, როცა პარლამენტში იჭრები, ასეთივე ამოცანა იყო მისი ციხეში მოხვედრა, პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება. მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ნაციონალური მოძრაობა იქნება კონსტრუქციული, იმსჯელებს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებზე. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ კიევში ვოიაჟიც სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის გარკვეული გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system