თავში

"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - ევროპელი პოლიტიკოსების წერილი

"პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს" - ევროპელი პოლიტიკოსების წერილი
პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს - ევროპელი პოლიტიკოსების წერილი

სხვადასხვა ქვეყნის 72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს.

"2021 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს. ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. მიხეილ სააკაშვილის ბრალდება საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული და არავის განუხორციელებია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური დევნის დამკვიდრებული ნიმუშის ნაწილი,”- აღნიშნულია წერილში.

პოლიტიკოსების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

„ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება”, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.

წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

„საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს გარკვევით იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელზედაც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში კრიზისის დასრულება და იმ კურსის აღდგენას, რომელი ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნისთვის. 

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომელთა მიზანი იყო დასავლური უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ქართველ ხალხს სურდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, უკვე ადვილია, დაივიწყო მომდევნო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები, რათა გაგრძელებულიყო წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ. მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან უზრუნველყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რამაც მის პარტიას მოუტანა საარჩევნო დამარცხება და ახალ მთავრობას კი მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით ძალაუფლება გადაცემა,”- აღნიშნულია წერილში.

ღია წერილის ხელმომწერთა შორის არიან: ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარი იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ასევე ქართველი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და სხვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system