თავში

პრეზიდენტმა ცენტრალურ აფრიკაში ვიზიტი გააუქმა

პრეზიდენტმა ცენტრალურ აფრიკაში ვიზიტი გააუქმა
პრეზიდენტმა ცენტრალურ აფრიკაში ვიზიტი გააუქმა

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ ცენტრალურ აფრიკაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, მამუკა ჟღენტის უპასუხისმგებლო განცხადება გახდა. 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ბატონი მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელ განცხადებას.

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და დამაფიქრებელია ის, რომ მსგავს ინფორმაციას ცინიკურ კონტექსტში ავრცელებს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში, რომელმაც შესანიშნავად იცის კონფიდენციალური ინფორმაციის მნიშვნელობა და მასთან მოპყრობის წესები.

ამგვარი განცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის სამინისტრო, სამშვიდობო მისიების უსაფრთხოების წესების თანახმად, იძულებულნი გახდნენ, მარტში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმონ“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, მამუკა ჟღენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტის თვეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიემგზავრება. როგორც მამუკა ჟღენტმა დაწერა, ინფორმაცია ცენტრალური აფრიკის სპეცსამსახურებისგან მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system