თავში

"რა არ მოეწონა ამ ხალხს, არ არის ივანიშვილი ქველმოქმედი?" - მამუკა მდინარაძე

"რა არ მოეწონა ამ ხალხს, არ არის ივანიშვილი ქველმოქმედი?" - მამუკა მდინარაძე
რა არ მოეწონა ამ ხალხს, არ არის ივანიშვილი ქველმოქმედი? - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნები" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის აგვისტოს ომის ჩანაწერთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ განცხადებებს პასუხობს.

 მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერი ისტორიის სახელმძღვანელოში არ იძლევა იმგვარი ინტერპრეტირების საშუალებას, თითქოს 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო.

"ამ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყო და რომელ პარტიასა და მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა - სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება. როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ რეგიონში, საკუთარ ტერიტორიაზე შეყვანილ იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც გააკეთა "ნაცმოძრაობის" რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა, რომ თითქოს საქართველოს ომი დაიწყო, ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე საზოგადოების თვალში, როგორც ეს აწყობ ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას. საერთაშორისო მართლმსაჯულების დროს ყველა სიტყვას და განცხადებას, ყველა ინტერპრეტაციას შეიძლება მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართულმა რომელიმე მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. მხოლოდ რიტორიკული კითხვა შეიძლება დაისვას - აბა რა უნდა ჩაწერილიყო სახელმძღვანელოში, რაც ეწერა იმ რეზოლუციაში, რომელსაც "ნაცმოძრაობამ" მხარი დაუჭირა და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება?! იქ ეწერა, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები, რაც არის დადანაშაულება, დაბრალება საკუთარი ქვეყნისთვის და საკუთარი ჯარისკაცებისთვის იმის, რაც მათ არ ჩაუდენიათ.

რაც იმ სახელმძღვანელოში წერია, ამის გადათარგმნა იმგვარად, რუსულად, ოკუპანტის ენაზე, თითქოს, განათლების სამინისტრო და სახელმძღვანელოს ავტორი ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, არის ცალსახა ტყუილი, რომელიც აწყობს რუსეთის ფედერაციას, ოკუპანტ ქვეყანას,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერ, მდინარაძე ამბობს, რომ ჩანაწერი შეფასებითი არ არის და ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი ინფორმაცია პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს - მე არ ვიცი, რა ეწყინა ამ ხალხს. იმ სახელმძღვანელოში რაც ვნახე, ყველა პრეზიდენტზეა საუბარი. პოლიტიკოსების ცენზურას არ უნდა დაექვემდებაროს ისტორიის სახელმძღვანელოში ჩანაწერები და, როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მათ ცენზურას დაექვემდებარებოდა, ოღონდ, საკუთარი ინტერპრეტაციით. ცენზურას არ უნდა ექვემდებარებოდეს განათლების სამინისტროს რომელიმე გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკრიტიკოთ, თუ იქ იქნება შეფასებები, მაგრამ როდესაც იქ არის ფაქტები, ამ ფაქტებზე ამგვარი ინტერპრეტაციები არ უნდა მოვაყოლოთ. არ ვიცი რა ეწყინათ - ის, რომ მეცენატად არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედად? რომელი არ არის მართალი? თუ დემოკრატიულად არ მოხდა ხელისუფლების ცვლილება?,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, 5 დეკემბერს "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი ფეისბუქგვერდით გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ადიდებენ.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატადაა მოხსენიებული. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროსთან საპროტეტოაქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილსა და ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს აპროტესტებენ.

ისინი მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდან ბიძინა ივანიშვილიის შესახებ შეტანილი პარაგრაფის ამოღებას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system