თავში

რა საკითხები განიხილა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე

რა საკითხები განიხილა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე
რა საკითხები განიხილა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ისწავლიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრები სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ისწავლიან. ამას ითვალისწინებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მთავრობის მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვები იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში ან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან შშმ პირთა ჩემპიონატებში პირველ ადგილს ან ოქროს მედალს მოიპოვებენ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილება ხორციელდება

„არასრულწლოვანებთან მიმართებაში არ შიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მან პირველი მოსმენით განსახილველად წარადგინა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. მისი განმარტებით, კანონპროექტი აწესრიგებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ექსპერტთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში არასრულწლოვანის მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, კანონპროექტის ძირითადი მიზანია ბავშვის ინტერესის დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება.

მომხსენებელმა ისაუბრა წარდგენილი ცვლილების საფუძვლებსა და მიზანზე. მისი განმარტებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის საკანონმდებლო აქტი, რომლითაც სპეციფიკური მიდგომებიდან გამომდინარე განისაზღვრება არასრულწლოვანთან მიმართებაში მართლმსაჯულების განსხვავებული სტანდარტები, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვნებთან მიმართებაში არც შიძლება ისეთივე სტანდარტებით და ფორმალური წესებით ხორციელდებოდეს მართლმსაჯულება, როგორც ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ხორციელდება.

პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმები დაწესდება

პარლამენტის წევრმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გაიტანა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის. ფიზიკური პირის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმები გაორმაგდება.

მომხსენებლის განცხადებით, კომიტეტებში განხილვისას გამოიკვეთა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებითად ახალი კანონის მომზადების საჭიროება. მისი თქმით, პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა შეიმუშაოს და მიიღოს კანონი, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ქვეყანაში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მიტოვების და მათდამი დამოკიდებულების წესებს.

„ეს არის საკითხი, რომელიც უამრავ მოქალაქეს აწუხებს, მიტოვებული ცხოველები ხშირ შემთხვევაში განიცდიან წამებას და ცუდ მოპყრობას. მანამდე მნიშვნელოვანია წარდგენილი ცვლილებების მიღება, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი დამოკიდებულება, ხედვა ასეთი ქმედების მიმართ, რომელიც გულისხმობს შინაური ცხოველის ქუჩაში გადაგდებას“. მის თქმით, ასეთი ქმედება ყველა ქვეყნის კანონმდებლობით ისჯება.

პარლამენტმა ტყის სტატუსის შეწყვეტასა და სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით კანონპროექტთა პაკეტი განიხილა

კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა, ახლებურად აწესრიგებს დაცვითი კატეგორიის ტყესთან, ტყის სტატუსის შეწყვეტასა და ტყის სტატუსის დაბრუნებასთან, მოვლით, სანიტარულ და სარეკონსტრუქციო ჭრასთან დაკავშირებულ საკითხებს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი შესაძლებლობას იძლევა დაწესდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში მუხლუხიანი ტრანსპორტით უნებართვოდ გადაადგილებისთვის, წესრიგდება ტყის არამერქნული რესურსებით, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორე ხარისხოვანი მასალებით სარგებლობის მოსაკრებლის ოდენობებთან დაკავშირებული და სხვა საკითხები. მომხსენებლის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის განხილვები ჩატარდა კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფთან და არასამთავრობო სექტორთან.

კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა

თვითმმართველი ქალაქის თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და დაახლოებით 270 ჰექტარი გარდაბნის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადადის, -ამის შესახებ დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რომელმაც პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარადგინა „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების -თვითმმართველ ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შეახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. მისი განმარტებით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება.

„ეს ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისთვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის გაძლიერების თვალსაზრისითაც“, -განაცხადა მომხსენებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system