თავში

რატომ დაიბარეს უკრაინის ელჩი სამინისტროში - ზალკალიანის განმარტება

რატომ დაიბარეს უკრაინის ელჩი სამინისტროში - ზალკალიანის განმარტება
რატომ დაიბარეს უკრაინის ელჩი სამინისტროში - ზალკალიანის განმარტება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას გააგრძელებს. 

მისი თქმით, სწორედ ამის შესახებ აფრთხილებდნენ უკრაინელ კოლეგებს. 

ამ მიზეზით საქართველოში უკრაინის ელჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. იგორ დოლგოვი საგარეო უწყების შენობაში ერთ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. 

აუდიენცია უკვე დასრულდა. 

„უკრაინის ელჩი იყო გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩემს მოადგილეს ჰქონდა მასთან შეხვედრა. მოვთხოვეთ განმარტებები სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგანაც მიგვაჩნია, რომ მისი ეს განცხადება იყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესში. ჩვენ ვიხილეთ მკაფიო მოწოდებები საარჩევნო პროცესებთან მიმართებით და ჩვენი კითხვა იყო, განემარტა, რას წარმოადგენს ეს, რადგან ის არის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე. თუნდაც რომ არ იყოს ამ პოზიციაზე, ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ჩარევას. ჩვენ მოვთხოვეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რა განცხადებებიც გააკეთა შემდგომ სააკაშვილმა, თითქოს ის არც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, არც საჯარო მოხელეა, ამიტომ გაუგებარია, ერთგვარ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვისმენდით, რომ ის თითქოს ისეთ თანამდებობაზეა დანიშნული, რომ მას ჩაბარდა ყველა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, უკრაინისთვის ფინანსური რესურსების მოძიება და დღეს მისი განცხადებებით ირკვევა, რომ ის არათუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ საჯარო მოხელეც არ არის, ამიტომ კითხვა იყო, ვინ არის. ვთხოვეთ, დოკუმენტურად წარმოადგინოს, თუ რა პოზიცია უკავია, რადგანაც ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ ერთი ადამიანის გამო, რომელიც არის მსჯავრდებული და ძებნილი, ვერ დავუშვებთ, ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეექმნას. მან მოისმინა ჩვენი პოზიცია და ველით მის განმარტებებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას არანაირი საფრთხე არ დაემუქრება, საერთო გამოწვევები გვაქვს, საერთო მისწრაფებები გვაქვს, გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა და ღირსეულად გავართმევთ თავს ამ გაუგებრობას“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს „მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას“. მან ქართულ ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არც ახლა და არც მომავალში, ადგილების გაყოფის დრო არ არის. მისი თქმით, თავად ამ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system