თავში

რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და სალომე სამადაშვილმა

რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და სალომე სამადაშვილმა
რაზე ისაუბრეს სალომე ზურაბიშვილმა და სალომე სამადაშვილმა

საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან საუბარი იყო მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სამადაშვილის თქმით, იყო აზრთა გაცვლა, მათ შორის საუბარი შეეხო პოლიტიზირებული მართლმსაჯულებას.

„ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ეს პროცესი, რომელიც უნდა შედგეს, არის ძალიან რთული პროცესი და კომპლექსური, ამიტომ კონკრეტიკაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ ჯერ არის ადრე. ამ ეტაპზე რასაც აკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა, სხვადასხვა ადამიანებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ უკვე შეიმუშავოს შეიძლება ითქვას არქიტექტურა ერთი მხრივ ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი. ამიტომ დღეს კონკრეტიკაზე საუბარი ადრეა.

ჩვენ დღეს უბრალოდ ვრცლად, თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მე როგორ ვხედავ შესაძლო განვითარებას, ვისაუბრეთ საფრთხეებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, უმძიმესი ვითარება გვაქვს ყველა ვხედავთ. ამ ეტაპზე ხდება ინტელექტუალური მოთელვა იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ პროცესი, რომელიც მართლა იქნება ამ ქვეყნისთვის გამოსავალი, იმიტომ, რომ აქ ხომ არ არის საუბარი იმაზე, რომ მარტო გადაწყვეტილებები უნდა მოვძებნოთ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. ყველას გვესმის, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კი არა, უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ასევე ზოგადად, თამაშის წესები, რომელიც ტოვებს განცდას, დიდ ნაწილში საზოგადოების, რომ პოლიტიკური თამაშის წესები არის უსამართლო და ჩვენ დავკარგეთ შანსი, რომ სამართლიანი წესებით ასე ვთქვათ, შევიდეთ პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ცხადია, ამაზეც გვქონდა საუბარი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რამხელა ზიანს იღებს ჩვენი ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, მაქვს განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ზუსტად ესმის, რა გამოწვევების წინაშეც ვდგავართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს რამდენიმე დღეა მართავს.

შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა.

ამასთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system