თავში

,,საპარლამენტო უმცირესობა" შესაძლოა, გაუქმდეს

,,საპარლამენტო უმცირესობა" შესაძლოა, გაუქმდეს
,,საპარლამენტო უმცირესობა  შესაძლოა, გაუქმდეს

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რომლის ინიციატორებიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან, იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც.

რეგლამენტში შესაძლო ცვლილებების მიხედვით კი, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი. 

ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

ამასთან საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება "საპარლამენტო უმცირესობის" სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.

ამჟამად მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, შესაძლებელია უმცირესობის ფორმირებაც. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system