თავში

შოთაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა

შოთაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა
შოთაძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ესწრებოდა

გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა, მისი განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა და მას მთავარი პროკურორის რანგში არ დასწრებია. 

„დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე”, - განაცხადა შოთაძემ. 

მისი თქმით, ივანიშვილთან პირად საკითხზე მივიდა, რომელიც გარკვეული პროექტის განხორციელებას უკავშირდებოდა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც თავად ხაზარაძემაც დაადასტურა. 

“მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო ივანიშვილი მაშინ, ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - აღნიშნა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system