თავში

სუს-ში ამ პოზიციაზე არასოდეს მიმუშავია, წულუკიანმა თავის საკურატოროებს მიხედოს - ხოჯევანიშვილი

სუს-ში ამ პოზიციაზე არასოდეს მიმუშავია, წულუკიანმა თავის საკურატოროებს მიხედოს - ხოჯევანიშვილი
სუს-ში ამ პოზიციაზე არასოდეს მიმუშავია, წულუკიანმა თავის საკურატოროებს მიხედოს - ხოჯევანიშვილი

გიორგი გახარიას პარტიის წევრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო.

როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება.

„ჩემი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ კურატორი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი. მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გიორგი გახარიას თანაპარტიელის, კახა ქემოკლიძის განცხადებები გააკრიტიკა, რომელმაც სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე თქვა, რომ „გასაოცარი დანაშაულია ჩადენილი და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.

„როდესაც რამდენიმე თვე და წელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობ და როდესაც ამ სამსახურის უფროსის მოადგილე შენი თანაგუნდელია და კურირებს ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ვგულისხმობ, ბატონ ხოჯევანიშვილს, როდესაც ყველა მათგანის ხელმძღვანელია ბატონი გახარია და იმ დროს მათ შორის ჩემიც იყო. მე რომ ჩუმად ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ამნეზია მჭირს. მე ვსვამ კითხვებს და აღმაშფოთებელია ასეთი ზედაპირული საქციელი.

მე რომ დებატი არ მინდოდა მათ ეს იციან, მაგრამ თუ დებატი გვინდა, დებატი და კითხვები არის ეს! როდესაც შენ სუს-ში მსახურობდი, როდესაც შენი თანაგუნდელი და წამყვანი ფიგურა, ვგულისხმობ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს, რომელიც “დავგუგლოთ“ - ვანო მერაბიშვილს უდგას გვერდით და ავალებს, ორი „ტრუპი“ მომიყვანეო. ეს „მეტრუპეები“ იყვნენ ხელისუფლებაში. ახლა რაღაც ტაბუა - მესმის ჩემი გუნდის წევრების, შესაძლოა, ეუხერხულებათ ამაზე საუბარი, რომ მაინც ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. როდესაც გიორგი გახარია იყო შს მინისტრი, მაშინ სად იყო ხოჯევანიშვილი?! “, - განაცხადა წულუკიანმა.

ფაილები, რომელშიც, სავარაუდოდ, სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმოწერისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გაშიფრული, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში, ერთ-ერთ პორტალზე გამოჩნდა, თუმცა დღეს აღარ იძებნება. ბმული, სადაც ფაილები იყო განთავსებული სხვადასხვა მედიასაშუალებამ 13 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდო ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

განცხადება გაავრცელა სახელმქიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system