თავში

წარმოიდგინეთ რომ შვილი გყავთ ავად და ექიმმა ვერ გაამართლა - ირინა სარიშვილი

წარმოიდგინეთ რომ შვილი გყავთ ავად და ექიმმა ვერ გაამართლა - ირინა სარიშვილი
წარმოიდგინეთ რომ შვილი გყავთ ავად და ექიმმა ვერ გაამართლა - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრებას არასწორად მიიჩნევს. 

მისი თქმით, ოპოზიციის კრიტიკა მისაღებია და შეგვიძლია "მიწასთანაც გავასწოროთ", თუმცა არსებობს საკითხები, რაზეც პასუხისმგებლობის ოპოპზიციისთვის დაკისრება შეუძლებელია. 

"ძალიან არ მომწონს ბოლოდროინდელი ტენდენცია როცა ხელისუფლების და ოპოზიციის პასუხისმგებლობას ერთ სიბრტყეზე განიხილავენ მავანნი. ხაზს ვუსვამ – პასუხისმგებლობას, და არა კრიტიკას, თუნდაც დაუნდობელს.

უკვე მერამდენედ "ვიცავ" ოპოზიციას არასწორი თავდასხმებისგან, იმ ოპოზიციას, რომლის მიმართაც სხვაზე ნაკლები კი არა, შესაძლოა უფრო მეტი პრეტენზიები მაქვს, მაგრამ ეს პრეტენზიები ბევრად უფრო გააზრებულია, ვიდრე ზემოთ ხსენებულ მავანთა მიერ ოპოზიციაზე ხელისუფლების ტოლფასი პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

ვაკრიტიკოთ ოპოზიცია დაუნდობლად, მიწასთან გავასწოროთ, თუ ეს სწორად მიგვაჩნია, მაგრამ ნამახვანჰესის საკითხზე, ზაზა გახელაძის უმძიმეს თემაზე რომელი ლოგიკით ვკიდებთ ხელისუფლების ტოლფას პასუხისმგებლობას ოპოზიციას?! თავი რომ დავანებოთ იმას რომ ოპოზიციის ხელში არანაირი ბერკეტი არ არის, გაიკარა კი ზემოთ ხსენებულმა ხალხმა ოპოზიცია? არა თუ არ გაიკარა, განცხადებები კეთდებოდა ოპოზიცია არ გვინდაო.

არსებობს პოლიტიკურად გამოუცდელი და დღევანდელ სიტუაციაზე გულაყრილი ხალხის დიდი რაოდენობა, რომელიც ვერ ხვდება, ისე აყვება ხოლმე მსგავს მოწოდებებს და ეს ასე მოხდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით და სადამდეც მიგვიყვანა ამ პოპულიზმმა – არ გვინდა პოლიტიკოსები, მგონი არაერთხელ ვნახეთ!

აყენებ პრობლემას რომელიც პოლიტიკურია? რანაირად უნდა გაიმარჯვო პოლიტიკოსების გარეშე?!

არ მოგწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია? ხომ არ გავიწყდება რომ ერთიც და მეორეც ჩვენი საზოგადოების პირმშოა და როგორებიც ვართ ჩვენ, ისეთი გვყავს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც!

უდიდესი მავნებლობაა დღევანდელ დღეს ხელისუფლების მოწინააღმდგე საზოგადოების ნაწილში უკვე ძალიან პოპულარული ფრაზები – არც ხელისუფლება გვინდა და არც ოპოზიცია. აბა რა გინდა შე დალოცვილო?! რამეს ხედავ მაზე უკეთესს რაც გვაქვს, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და გვიმალავ?! რატომ თესავ ნიჰილიზმს მოსახლეობაში, რომელიც მხოლოდ კრემლის პროექტებზე ასხამს წყალს?! "ოცნებაც" და მასთან "დაპირისპირებული" გახარიაც კრემლის პროექტებია და ეს ნიჰილისტური მოწოდებები მხოლოდ მათ ინტერესებში შედის და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის, რომელიც ეხლა ბეწვის ხიდზე გადის და ავად თუ კარგად, კოჭლობით თუ წელგამართულად, ამ ხიდზე უნდა გადავიყვანოთ!

ვინც კარგად ვერ მიხვდით რაზე ვლაპარაკობ და აყოლილები ხართ ივანიშვილი–გახარიას ღია თუ ფარულ გავლენის მდაბიო აგეტებს, წარმოიდგინეთ რომ შვილი გყავთ ავად, ბევრმა ექიმმა ვერ გაამართლა თქვენი იმედები – რას იზამთ – უარს იტყვით შვილის ექიმთან წაყვანაზე, ხელებს ჩამოუშვებთ ან თავში წაიშენთ და მის სიკვდილს დაელოდებით?! სულ რომ მიზერული იყოს შანსი, ამ შანსზე უარს იტყვით?!

მე მათ მივმართავ, ვინც სამართლიანად და საფუძვლიანად ყველაფერზე გულაყრილი შეიძლება ადვილად წამოეგოს ამ აგენტურის ლოზუნგებს – დაფიქრდით, სადამდე მივყავართ ამ ნიჰილიზმს! მოვტყუვდებით? დავმარცხდებით? – ის მაინც გვეცოდინება რომ ყველაფერი გავაკეთეთ, საკუთარ თავს გადავაბიჯეთ, თავი გავწირეთ! შვილზე ხო ასე იფიქრებთ ყველა? ჰოდა ჩვენი გამოსავალიც ესაა – სამშობლო შვილივით ვიგრძნოთ, შვილივით, რომელსაც ჩვენი შველა ჭირდება! ჯობს შეგვეშალოს, მოვტყუვდეთ მაგრამ სანამ შვილი ცოცხალია ხელი არ ჩავიქნიოთ – თუ ხელს ჩავიქნევთ არ გვყვარებია თურმე და მაშინ ის მაინც გავაკეთოთ რომ სხვებს ნუ წავართმევთ იმედს!

არავის ჭკუას არ ვასწავლი. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან კარგად ვხედავ რაც გველის ასე თუ გავაგრძელებთ და უბრალოდ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ.

გამგები გაიგებს" - წერს სარიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system