თავში

ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან გამართა - ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

მხარეებმა უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მძიმე ვითარება და გამოწვევები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გახშირებულ შემთხვევებსა და სხვა უკანონო ქმედებებზე, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში და ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე, საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ. აქცენტი ასევე გაკეთდა თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვის ფაქტებზე, რაც მძიმე ტვირთად აწვება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას და რიგ შემთხვევებში იწვევს პაციენტთა გარდაცვალებას. გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების დაუყოვნებლივ, ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით, აღდგენის აუცილებლობას.

დავით ზალკალიანმა მარეკ შჩიგელს მისიის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

მინისტრმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც მისია ასრულებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებასა და ვითარების ესკალაციის პრევენციის საქმეში,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system