თავში

"ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა - განახლებულია

"ამირანთან" აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა
ამირანთან აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი დაშავდა - განახლებულია

კინოთეატრ “ამირანთან” აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს. მას თვალთან ახლოს ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი. აქტივისტის ვარაუდით, მას ქვა ესროლეს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილებზე რჩებიან", - აცხადებენ შსს-ში.

ჩვენების დაწყებამდე კინოთეატრთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რომლებმაც შენობის წინ პიროტექნიკა ააფეთქეს. პიროტექნიკის აფეთქების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კინოთეატრის შენობაში შეიყვანეს. მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. კინოთეატრის წინ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ამ დრომდე ცდილობენ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვერის პარკში შეიკრიბნენ, საიდანაც კინოთეატრ "ამირანთან" გადაინაცვლეს. ისინი შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ ამის ამის საშუალება არ მისცა.

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი ქართული ნაციონალური ანსამბლის წევრი ორი ახალგაზრდა მამაკაცის - მერაბისა და ირაკლის სიყვარულზეა. 26 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ლგბტ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა შედგა. გეი წყვილის სასიყვარულო ისტორიამ გარკვეულ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია.

ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას. საპატრიარქოს სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი შეურიგებელი პოზიცია აქვს და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. ამის შესახებ მან ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა.

„არავითარი კომბალი ან იარაღი, შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით სეანსებს, ვთიშავთ ფილმის ჩვენებას,“-აცხადებდა ვასაძე.

ფილმის ჩაშლით იმუქრებოდა "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. ბრეგაძემ report.ge-ს უთხრა, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა და მის ჩვენებას არ დაუშვებდა. ბრეგაძის მსგავსად პრემიერის ჩაშლით იმუქრებოდა მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად იყო, შემოქმედებით ჯგუფისთვის კვერცხები დაეშინა.

საქართველოში, ამ დრომდე, ფილმის მხოლოდ დახურული ჩვენება გაიმართა. საჯარო პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით იმართება.

მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარდგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system