თავში

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ-ს ინფორმაციას უარყოფს

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ-ს ინფორმაციას უარყოფს
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ-ს ინფორმაციას უარყოფს

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის КГБ- ს ინფორმაციას, რომ თითქოს, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, სიცრუეს და მოგონილ ამბავს უწოდებს ექიმის შვილი. როგორც თათა გაფრინდაშვილმა report.ge-ს განუცხადა, აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა.

,,ეს არის სიცრუე, ამ დროს მამა ღუდუშაურში მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე რუსებს და ოსებს! დღე და ღამე არ გამოდიოდა საოპერაციოდან", - განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

როგორც დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა გუშინ დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system