თავში

გვაქვს არგუმენტები, რატომ გასაჯაროვდა სააკაშვილის კადრები - იუსტიციის მინისტრი

გვაქვს არგუმენტები, რატომ გასაჯაროვდა სააკაშვილის კადრები - იუსტიციის მინისტრი
გვაქვს არგუმენტები, რატომ გასაჯაროვდა სააკაშვილის კადრები - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის დასკვნას ასაჩივრებს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა და აქვს მყარი არგუმენტები, თუ რატომ გასაჯაროვდა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის კადრები. 

მისი თქმით, საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეაფასოს არა აღმასრულებელმა ან საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არამედ სასამართლომ. ამიტომაც, იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სასამართლოს და გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა.

„ეს არის სამართლებრივი პროცედურა. ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრება, რომელიც არის დასაბუთებული და ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლო ხელისუფლებამ, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება აბსოლუტურად კანონიერი იყო და ემსახურებოდა სახელმწიფოში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გვაქვს მყარი სამართლებრივი პოზიცია. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი, ემსახურებოდა მრავალგზის საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხავს, რომ საზოგადოება შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი, რაც ეხებოდა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას, მათ შორის, ფაფებისა და წვენების ეპიზოდს. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოში მშვიდობის, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების ინტერესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა. სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. კერძოდ, ორივე უწყებას ჯარიმა საერთო ჯამში, 2 500 ლარის ოდენობით.

იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system