თავში

ცნობილი შვედი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ცნობილი შვედი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ცნობილი შვედი ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ცნობილი შვედი ექიმი, ლუნდის უნივერსიტეტის ემირატუს პროფესორი და შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი ულე ლინდვალი ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ლინდვალის თქმით, გაფრინდაშვილის დაკავება და მისთვის პატიმრობის მისჯა სრულიად მიუღებელია. შვედი ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი იყო ჩემი ძვირფასი კოლეგის, ორთოპედ- ქირურგის, საქართველოს ორთოპედიისა და ტრავმატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრების ამბის შეტყობა. ის არის გამოჩენილი ექიმი, რომელიც ცნობილია თავისი პროფესიონალიზმით და პაციენტებზე ზრუნვით. როგორც მისი დაკავება, ასევე წინასწარი ორთვიანი პატიმრობის მისჯა "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის" გამო, სრულიად მიუღებელია და, ამიტომ მოვითხოვ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - წერია ლინდვალის განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად წერილი გაავრცელა და მისი გათავისუფლება მოითხოვა ასევე საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ექიმმა რამონ კუგატიმაც. კუგატის წერილს მისი კოლეგა, მონსერატ გარსიაც აწერს. წრილიდან ირკვევა, რომ კუგარტი გაფრინდაშვილს წლებია იცნობს, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩავიდა. 

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში 9 ნოემბრიდან იმყოფება. საქმე ახალგორის ე.წ.-მა სასამართლომ განიხილა. გაფრინდაშვილთან ერთად დაკავებულ სამ მოქალაქეს სასჯელის სახით გაძევება და ფულადი ჯარიმა შეეფარდა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ იზოლატორში გადაიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ის ციხეშია გადაყვანილი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გრძელდება.

დე ფაქტო რეჟიმი, დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, ვაჟა გაფრინდაშვილი აღნიშნულ ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში იქაური პაციენტების დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

პრემიერ-მინისტრი ამბობს,რომ მთავრობა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მას რამდენიმე არხით აქვს მიღებული ინფორმაცია, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა დედაქალაქსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა"თეთრი ხალათების" აქცია თავიანთი კლინიკების ტერიტორიაზე გამართეს.

დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და უკრაინის საელჩო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system