თავში

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გაწერის შემდეგ გარდაიცვალა

ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გაწერის შემდეგ გარდაიცვალა
ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც კოვიდსასტუმროდან გაწერის შემდეგ გარდაიცვალა

21 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ კოვიდსასტუმროდან გაწერის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის "თუთარჩელას" ერთ-ერთი წევრი იყო. ამასთან, ნიკა ბუაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ის თავდაპირველად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ვინაიდან ანსამბლის რამდენიმე წევრს კორონავირუსი ჰქონდა, ხოლო ნიკა მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, მან იზოლირება გადაწყვიტა.

მოგვიანებით, ჩატარებული ტესტის შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც, კოვიდსასტუმროში, უკვე როგორც ინფიცირებულმა, კიდევ 10 დღე გაატარა. მეგობრის ინფორმაციით, ის მეათე დღეს, 25 ოქტომბერს, როგორც უსიმპტომო პაციენტი, განმეორებითი ტესტის გარეშე გაწერეს.

21 წლის ბიჭი გაწერიდან მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, რუსთავში, საკუთარი სახლის ეზოში, ანსამბლის ოთხი წევრის გარემოცვაში გარდაიცვალა. მეგობარი იხსენებს, რომ ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.

"ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა",- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს".

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 წლის ბიჭი კოვიდგამოჯანმრთელებული იყო. უწყება მის გარდაცვალების სავარუდო მიზეზად გულის უეცარ გაჩერებას ასახელებს. მათი ცნობით, კოვიდსასტუმროს ექიმის შეფასებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, მას არ აღენიშნებოდა ჩივილები და სიმპტომები.

უწყებისვე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დროულად მივიდა, თუმცა პაციენტი უკვე გარდაცლილი იყო.

ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელის თამარ ბუაძის თქმით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნიკა ანსამბლის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირების პერიოდში, კოვიდსასტუმროში ყოფნისას მას არანაირი გართულება არ ჰქონია.

"სასწრაფო ნიკას გარდაცვალებასთან არაფერ შუაში არის. მათ ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. გვთხოვეს, ცხედართან ახლოს არავინ მიხვიდეთ, ჯერ არ ვიცით, იქნებ, ისევ კოვიდინფექცია იყოსო. მაგრამ ცხადია, ექსპერტიზის გარეშე ამას ვერავინ იტყვის. მათ სიფრთხილე გამოიჩინეს, რაც სწორი იყო. ერთი რამ ცხადია, რომ ნიკას გული გაუჩერდა და ექიმები ვერაფერს იღონებდნენ. სავარაუდოდ, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად თრომბოემბოლია სახელდება. ყველანი განადგურებულები ვართ და ეს თან გაგვყვება - იშვიათია ნიკასთანა დადებითი ემოციის, ყველასთვის საყვარელი, პოზიტიური ადამიანი. მას იმხელა ქარიზმა ჰქონდა, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია.

ენით ვერ აღვწერ, რა შოკირებული ვართ ამ ამბის გამო. ანსამბლი ოჯახივით არის, წლების განმავლობაში ერთად ვართ. ნიკას დედა და უფროსი დაც ანსამბლის წევრები არიან... ადვილი წარმოსადგენია, ჩვენ ახლა რასაც განვიცდით. ანსამბლში კოვიდინფექცია ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა. მიუხედავად საკარანტინე პირობების შესრულებისა, ეს მაინც ვერ ავიცილეთ - ანსამბლის ნაწილი დაინფიცირდა. მათ შორის იყო ნიკაც. ნიკა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, ამიტომ მან თვითიზოლაციის პერიოდი ოჯახისგან იზოლირებით გაიარა. ამ პერიოდის გავლის შემდეგ, რადგან ინფექციაზე დადებითი პასუხი მიიღო, იგი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს. თუმცა ამ სივრცეშიც არ ჰქონია გართულება, თავს კარგად გრძნობდა და სურდა, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა. მაგრამ ცხადია, შესაბამისი პერიოდის გავლის გარეშე არ გამოუშვეს. როგორც კი ნიკა კოვიდსასტუმროდან გამოვიდა, მეორე დღესვე მეგობრებს შეხვდა - ანსამბლის წევრებს. ოთხი მათგანი შეიკრიბა ერთად და იქ მოხდა ეს უბედურება. ნიკამ, თურმე, რაღაც წამოიძახა და გადავარდა. ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი ექიმია (ნიკა თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა) და მან ნიკას პირველი დახმარება სრულად ჩაუტარა, მაგრამ - ამაოდ. სამედიცინო დახმარების ბრიგადას ნიკა უკვე გარდაცვლილი დახვდა" - ამბობს თამარ ბუაძე "კვირის პალიტრასთან".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system