თავში

168 სამაცივრის ჯამური შემოსავალი 5.2 მლნ. ლარს უტოლდება

168 სამაცივრის ჯამური შემოსავალი 5.2 მლნ. ლარს უტოლდება
168 სამაცივრის ჯამური შემოსავალი 5.2 მლნ. ლარს უტოლდება

საქსტატის მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 168 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (60.1 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (7.1 პროცენტი) რეგიონში, ქ. თბილისში (7.1 პროცენტი), კახეთის (7.1 პროცენტი), აჭარის (6.5 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (4.8 პროცენტი), იმერეთის (3.0 პროცენტი), გურიის (2.4 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.8 პროცენტი) რეგიონებში.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 239 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 587 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1241 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 77.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 60.0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16.3 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 14.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.5 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 8.6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 5.2 მლნ. ლარი შეადგინა. სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 2020 წლის მესამე კვარტალში 5.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 54.9 მლნ. ლარის ღირებულების (10.9 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 45.9 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ - 29.4 პროცენტი. 

სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 80.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (36.2 პროცენტი), ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (35.8 პროცენტი) და თევზეული (20.9 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი იქნა რეალიზებული. 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 61.0 პროცენტს, ნოემბერში - 63.6 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 60.1 პროცენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system