თავში

500 ლარიანი მინიმალური ხელფასი - საფრთხე თუ სარგებელი

500 ლარიანი მინიმალური ხელფასი - საფრთხე თუ სარგებელი
500 ლარიანი მინიმალური ხელფასი - საფრთხე თუ სარგებელი

შრომის კოდექსში დაგეგმილი ახალი რეგულაციებით, შესაძლოა დადგინდეს მინიმალური ხელფასის ოდენობაც. ერთის მხრივ, აღნიშნულმა შეზღუდვამ, შესაძლოა ბიზნესს უბიძგოს სამუშაო ადგილების შემცირებისკენ, თუმცა, თუ საკანონმდებლო ცვლილებებით მკაცრად განისაზღვრება სამუშაო საათები, დასაქმებულებს არ ექნებათ საშუალება შეითავსონ მეორე სამსახური, რაც მოქალაქეს რეალურად უზღუდავს საჭირო ფინანსების მობილიზებას. ამ შემთხვევაში მინიმალური ხელფასი შესაძლოა აღმოჩნდეს მზღვეველი რომ დაქირავებული შეძლებს მიიღოს აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფა. 

მინიმალური ხელფასის დაწესებით დამატებითი პრობლემები გაუჩნდება ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე ზომის ბიზნესორგანიზაციებს. რა მოხდება მაშინ, თუ მინიმალურ ხელფასად დაწესდება 500 ლარი, ხოლო ისეთი მცირე ბიზნესი, როგორიცაა თონე, საცხობი, საკონდიტრო და სხვა, ვერ შეძლებს ამ ოდენობის თანხა გასცეს ხელფასად? ამ კითხვით report.ge-მ ეკონომიკის ექსპერტს მიმართა.

"მინიმალური ხელფასი, მოიტანს მხოლოდ პრობლემებს ეკონომიკაში. დიდი ბიზნესისთვის გააძვირებს ხარჯებს, რაც საბოლოოდ აისახება პროდუქციის და მომსახურების ფასზე. ხოლო, იმ ტიპის პატარა ბიზნესები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, საერთოდაც გაქრობის საფრთხის წინაშე დგებიან. ფაქტია, რომ ამ საკითხებზე არ უფრიქრია იდეის ავტორს, თორემ მიხვდებოდა, რომ ეს ადამიანების კეთილდღეობაზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. ისიც კი არ მესმის, საიდან მოიტანეს 500 ლარიანი ზღვარი, ან რატომ ჩათვალეს, რომ ყველა სფეროში და ყველა ბიზნესში მისაღები ზღვარია. სოფლის მეურნეობაში და მძიმე ფიზიკურ სამუშაოზე დასაქმებულს და შარდენზე ბარმენის დამხმარეს, თანაბრად როგორ დაუდგინეს აუცილებელ მინიმუმად 500 ლარი?!  აბსოლუტური ნონსენსია საკითხის ასე დაყენება და იმის წარმოდგენა, რომ ეს პრობლემას გადაუჭრის ადამიანებს" - გვითხრა ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ.

დიდი კომპანიებისთვის, მინიმალურ ხელფასს, მცირე გავლენა ექნება, თუმცა, მცირე ბიზნესისთვის მოსალოდნელი ლიმიტი, გადაულახავ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს. პირობითად, თუ საწარმოს შემოსავალი დამოკიდებულია გაყიდვებზე და ამ კუთხით არ აქვს სტაბილური მაჩვენებლები, 500 ლარიანი ზღვრის შემთხვევაში, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. 

500 ლარიან მინიმალურ სახელფასო ზღვართან დაკავშირებით report.ge  საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამგეობის თავმჯდომარესაც ესაუბრა.

"ბუნებრივია, ბევრი პატარა საწარმო ვერ შეძლებს ამ ვალდებულების აღებას კანონის წინაშე და თუ დაეკისრება, ვერ შეასრულებს.  ყველა ტიპის ბიზნესისთვის, მოჭრილად, 500 ლარის დაწესება, ალბათ ბევრს აიძულებს უარი თქვას ბიზნეს საქმიანობაზე. ზოგადად მინიმალური ხელფასის წინააღმდეგი არ ვარ, რადგან ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმდენი ანაზღაურება, რომ მინიმუმ საარსებოდ ეყოს, მაგრამ კანონში თუ უნდა ჩაიდოს რეგულაციები, კარგი იქნებოდა მომხდარიყო ცალკეული კომპანიების, შემოსავლების გათვალისწინება და არ ყოფილიყო საერთო ლიმიტი ყველასთვის.  თუ ჩემს საწარმოში დასაქმებული ადამიანი 300 ლარამდე პროდუქციას გამოიმუშავებს, როგორ შევძლებ მე მისთვის 500 ლარის გადახდას?! კარგი იქნება, თუ საწარმოების დიფერენცირება მოხდება,"-  აღნიშნავს გიორგი კეპაშვილი. 

გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში, რაოდენოვრივად 229 000 დასაქმებულს, 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს, უცნობია, ამ ადამიანების რა ნაწილს გაეზრდება სარგო, თუ მინიმალური ხელფასის ზღვარი 500 ლარი დადგინდება და რა ნაწილი დარჩება საერთოდ უმუშევარი, იმ კომპანიების გაუქმების გამო, რომლებიც გაზრდილი ხელფასის გადახდას ვერ შეძლებენ. 

ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის ოფიციალური განხილვა ჯერ არ დაწყებულა, უკვე დიდი განხილვის საგნად იქცა. ახალი რეგულაციების შედეგად მოსალოდნელ პრობლემებზე უკვე ისაუბრა ბიზნეს ასოციაციამ, საკუთარი შენიშვნები გამოთქვა ახალმა პროფკავშირებმაც, ხოლო საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე პროექტში პრობლემებს ვერ ხედავს და გამოთქმულ შეშფოთებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system