თავში

აეროპორტები მალე სრული მასშტაბით ამოქმედდებიან - თურნავა

აეროპორტები მალე სრული მასშტაბით ამოქმედდებიან - თურნავა
აეროპორტები მალე სრული მასშტაბით ამოქმედდებიან - თურნავა

"პრაქტიკულად, ყოველკვირეულად შემოგვდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან ადრე არსებული ფრენების აღდგენაზე," - ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველო წელს უსაფრთხო ტურიზმისთვის მზადაა. 

"ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ასევე მათი ძველი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია იწყებს პერიოდულ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე, სულ მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა კომპანიიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც მოიმატა ყოველკვირეულმა ფრენებმა," - განაცხადა მინისტრმა თურნავამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. 

მაისში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენები 5 ქვეყნის 9 მიმართულებებით შესრულდება. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45 % დაბრუნდება. საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიები ნელ-ნელა უბრუნდებიან და წლის ბოლომდე ქვეყნის ავიაბაზარი 30-მდე ავიაკომპანიით იქნება წარმოდგენილი. 18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეისი უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო AirbusA321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system