თავში

ანალიტიკოსი: ლარი კორექციის ფაზაშია

ანალიტიკოსი: ლარი კორექციის ფაზაშია
ანალიტიკოსი: ლარი კორექციის ფაზაშია

ფინანსისტები ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას ხელოვნური ჩარევის ფაქტორით ხსნიან.  საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ანალიტიკოს ნიკა შენგელიას შეფასებით, ლარი ამ ეტაპზე კორექციის ფაზაშია, რაც დიდი გაუფასურების შმდეგ მოსალოდნელიც იყო. მისი ვარაუდით, ახლო მომავალში 3.20-3.25-იანი ნიშნული უნდა შენარჩუნდეს.

„ზოგიერთი შეიძლება ფიქრობს, რომ ახალი, Bmatch პლატფორმის ჩაშვება ლარის გამყარებას უკავშირდება, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. ჩვენმიგვაჩნია, რომ ლარი შევიდა გაუფასურების ისეთ სტადიაში, რომ უკვე კორექციის დროა. ზოგადად, სავალუტო ბაზარს ახასიათებს ასეთი რამ, როდესაც ფული უფასურდება, შემდეგ ხდება გარკვეული კორექციები. ახლაც ასეა, ლარის კურსი სწორედ ამ ფაზაშია შესული და ვვარაუდობ, რომ, ჯერჯერობით მაინც, 3.20-3.25-იან ნიშნულზე უნდა დაბალანსდეს", - ამბობს შენგელია.

მოკლევადიან პერიოდში ლარის საგრძნობ გამყარებას გამორიცხავეს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე. მას ასეთი პოზიციის არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტორი, რომ ლარის სტაბილურობას ფუნდამენტური მიზეზი არ აქვს და ჯერჯერობით მხოლოდ ხელოვნური ჩარევის შედეგად მყარდება. 

„წინა პერიოდში დიდი იყო ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენა ლარზე და გაუფასურებაში ამან დიდი წვლილი შეიტანა. ლარს, შეიძლება, სული მოუბრუნეს, მაგრამ ფუნდამენტური ფაქტორები დღეს, პრაქტიკულად, ლარის კურსის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ეს არის მიმდინარე ბალანსის დეფიციტი, რომელიც დაახლოებით 10%-მდე გაიზარდა. ასევე ადგილი აქვს ეკონომიკური ზრდის ვარდნას და სხვა ნეგატიურ პროცესებს ეკონომიკაში, რაც კურსზე უარყოფითად აისახება. ამიტომაც ლარის ძლიერ გამყარებას არ უნდა ველოდოთ", - აცხადებს თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღეა, ლარი მყარდება. გუშინ ეროვნული ვალუტა როგორც დოლარის, ევროს მიმართაც გამყარდა. რაც შეეხება  Bloomberg-ზე ამ მომენტისთვის არსებულ კურსს, 1 დოლარი 3.2312 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system