თავში

აშშ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის გაზსადენს ეწინააღმდეგება

აშშ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის გაზსადენს ეწინააღმდეგება
აშშ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის გაზსადენს ეწინააღმდეგება

Nord Stream 2-ის, ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის, გაზსადენის მშენებლობა ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე ფიქრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. 

„პრეზიდენტ ბაიდენს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს. მას მიაჩნია, რომ მილსადენი ცუდი იდეაა, ცუდია ევროპისთვის, ცუდია შეერთებული შტატებისთვის, საბოლოო ჯამში ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს”, - აღნიშნა ბლინკენმა ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გაზსადენმა, შესაძლოა, შეარყიოს უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორების ინტერესები. ბლინკენი გერმანელ კოლეგასთან, ჰეიკო მაასთან შეხვედრასა და გაზსადენის მშენებლობის საკითხის განხილვას გეგმავს.

„მას აქვს პოტენციალი, შეარყიოს უკრაინის, პოლონეთისა და სხვა ახლო პარტნიორების ინტერესები,“- განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ-ის კანონმდებლობა ვაშინგტონს Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას აკისრებდა.

გერმანიამ საკუთარ წყლებში "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" მშენებლობის ნებართვა გასცა.

აშშ-ის სენატორები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს Nord Stream 2-ის წინააღმდეგ იანვრის თვეში დაანონსებული სანქციების ამოქმედებისაკენ მოუწოდებენ.

ცნობისათვის, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ Nord Stream 2-ის მილსადენის დაახლოებით 95% უკვე აშენებულია და მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system