თავში

აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება

აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება
აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება

USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.

USAID-ის შეფასებით, ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. მათივე ინფორმაციით, ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად შევქმნით და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეფასებიტ, საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში და მათ შორის, იმ სამუშაო ადგილების აღდგენას, რომელიც სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში იქნა შეჩერებული ან/და დაკარგული.

„თუმცა დარწმუნებული ვარ, პოსპანდემიურ პერიოდში უმუშევრობის ის ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იქნა დაფიქსირებული, უკვე მეორე კვარტალში უმუშევრობის შემცირებით შეიცვლება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system