თავში

ავტოიმპორტიორების ნაწილს მთავრობასთან კითხვები აქვს

ავტოიმპორტიორების ნაწილს მთავრობასთან კითხვები აქვს
ავტოიმპორტიორების ნაწილს მთავრობასთან კითხვები აქვს

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, მთავრობის შეღავათი იმდენად ბუნდოვანია, რომ საეჭვოა, მცირე და საშუალო ბიზნესმა საშეღავათო პირობებით ისარგებლოს. ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან ამბობს, რომ შეღავათი განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის სასარგებლოდაა და მცირე კომპანიების პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს. მათ კი, როგორც იმპორტიორი აღნიშნავს, ბაზრის 90% უჭირავთ და აქედან ნახევარზე მეტი გაკოტრების ზღვარზეა.

,,სრულად გავეცანი შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შეღავათი მეტწილად ეხება მსხვილ ბიზნესს, დიდ შემომტანებზე არის გათვლილი. სახელმწიფო როგორ დააბრუნებს ამ ფულს, ესეც ძნელად საკითხავია, რადგან ხაზინაში შესული თანხის დაბრუნება, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, მარტივი არ იქნება. მეორეც, საბაჟო საწყობში თუ განათავსებენ ავტომობილებს, მოსაკრებელი იქნება? დიდი ალბათობით კი, რადგან ისეთი პროცედურებია, რაც მომსახურებას მოითხოვს და წესით, გადახდას უნდა დაექვემდებაროს. განთავსების ადგილი არ უნდა იყოს ბაზრობები, არამედ საბაჟო საწყობები, ისიც კი არ ვიცით, მყიდველს  რამდენად ექნება საწყობზე წვდომა. ერთი შეხედვით, რეალიზაციას ხელს უწყობენ, მაგრამ არის ისეთი პირობები, რის დაკმაყოფილებაც იმპორტიორებს რეალურად ძალიან გაუჭირდებათ. ფორმა კარგია, რომ იმპორტის და დღგ-ს გადასახადი ბრუნდება, დაახლოებით 3000 ლარია იმპორტიორისთვის თითო მანქანაზე, მაგრამ რეალიზაციის პირობები რთულდება. სიახლე ზუსტად გათვლილია დიდ ავტოკომპანიებზე, რომლებსაც ერთი ერთეულის 3 მანქანა სალონში ჰყავთ, დანარჩენი 97 - საწყობში. მცირე მეწარმეებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ ვამბობთ, რომ შეღავათი წვრილი და საშუალო ბიზნესისთვის სახარბიელო არ არის, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

იმპორტიორების ნაწილი კი შეღავათიან სესხებზე საუბრობს. ავტოდილერი მიხეილ მაისურაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი შეღავათი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახლა იაფ ფულზე წვდომაა, რის საშუალებასაც მასიურად არიან მოკლებული.

,,იაფ ფულზე წვდომა იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა, რაც შეიძლება ავტომობილების ბიზნესს დაუწესდეს. მსხვილი ბიზნესი შედარებით მყარად ინარჩუნებს პოზიციებს, მას მეტი რესურსი აქვს პრობლემასთან გამკლავებისთის, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი მოკლებულია. ახლა ერთადერთი გამოსავალია, რომ იაფ ფულზე წვდომა გაგვიმარტივდეს. სხვა გამსოავალი ნაკლებადაა იმისთვის, რომ კომპანიები ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმპორტიორების დიდი ნაწილი გაკოტრდება", - ამბობს ავტოდილერი report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ ავტოიმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშემწყობი პროცედურები ინერგება. იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამ საკანონმდებლო სიახლეს ითვალისწინებს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება.

,,აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის ტერიტორიებზე განთავსებას, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვის/განთავსების მიზნით მოწყობილი საბაჟო საწყობებისათვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას,”-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system