თავში

ავტომობილების რეალიზაცია კრიზისულ ნიშნულზეა

ავტომობილების რეალიზაცია კრიზისულ ნიშნულზეა
ავტომობილების რეალიზაცია კრიზისულ ნიშნულზეა

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების გაყიდვები მინიმუმამდე შემცირდა და პერსპექტივაც ჯერჯერობით უიმედოა. ,,რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ბაზნესს უკვე შეღავათებიც ვერ შველის, რადგან თვითღირებულება მკვეთრად გაზრდილია, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა უკვე მინიმუმზეა  მოსახლეობის მსყიდვითი უნარის კლების გამო. 

,,ავტომობილების იმპორტში დიდი კრიზისია. პრობლემას ქმნის ისიც, რომ გაძვირდა იმ ქვეყნებში მანქანების ფასი, საიდანაც შემოგვყავს. შესაბამისად, თვითღირებულებამ აიწია. ვფიქრობთ, მთავრობის მხრიდან გაწეული შეღავათი, კეთილი ნება, გამოწვეულია ეპიდემიური კრზისით, რის გამოც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცალკე, ვფიქრობთ იმაზეც, რომ განბაჟების ვადის გახანგძლივება მოსალოდნელ ჩაკეტვას ხომ არ უკავშირდება. ვხედავთ, რომ ქალაქი ივსება ტრანზიტული ნომრებით. შესაბამისად, ვიღაცამ ხომ უნდა იყიდოს ავტომობილი, რეალიზაციის დიდი პრობლემაა. შიდა ბაზარი გაჯერებულია, ადგილობრივებს ახალი მანქანების ყიდვის ფუფუნება ჯერჯერობით არ აქვს. ასეთ სიტუაციაში ვეძებთ გზებს, ევროპაში ვიყიდოთ ცოტა იაფად, რომ შემდგომი გაყიდვის მიზნით მაინც იყიდონ , არ ვიცი, ამასაც როგორ მოვახერხებთ, სერიოზულ გასაჭირში ვართ", - ამბობს ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან. 

რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს კომპანია ,,იამოტოს" დამფუძნებელი, იმპორტიორი პაატა მაისურაძეც.

,,არ მესმის, სად უნდა წავიდეს ეს მანქანები, როცა რეალიზაციის მხრივ კვლავ უმძიმესი ვითარებაა. დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა მსოფლიოში, რამ ფაქტობრივად უცხოურ ბაზრებზე უფრო ძვირი ღირს მანქანები, ვიდრე საქართველოში. საქართველოშიც არასახარბიელო სიტუაციაა, ყველა იმას ცდილობს, რომ პანდემია ნაკლები დანახარჯით გადაიტანოს, ამიტომ ფუფუნებაზე არავინ ფიქრობს, შესაბამისად, ძალიან ცოტა მანქანა იყიდება. არ მესმის, რისთვის უშვებს ამ შეღავათს სახელმწიფო. რაღაც პლიუსიც აქვს და მინუსიც, ბევრი პრობლემაა ზოგადად ბაზარზე ბიზნესის მიმართულებით, რთული იქნება ამ პრობლემის ჩამოთვლა", - ამბობს იმპორტიორი.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გაუხანგრძლივდათ.შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ცვლილება 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ეხება. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეღავათის გახანგძლივება კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით არის განპირობებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system