თავში

ბაქო-თბილისი-ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს - VIDEO - PHOTO

ბაქო-თბილისი-ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს
ბაქო-თბილისი-ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს - VIDEO - PHOTO

ბაქო-თბილისი-ანკარას შორის სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს, თუმცა როდიდან ეს ჯერ არ კონკრეტდება.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რკინიგზამ შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ორი შემადგენლობა - 20 სამგზავრო ვაგონი შეიძინა. შეკვეთაში, რა თქმა უნდა, უმთავრესი მოთხოვნა იყო მატარებლის აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ წარდგენილ პარამეტრებიზე მორგება. თითო მატარებლის შემადგენლობაში 9 სამგზავრო და 1 ვაგონ-რესტორანია.

ვაგონები 4 კატეგორიისაა - „ლუქსი“, „კომფორტი+“, „კომფორტი - მე-2 კლასი“ დამატებითი ადგილებით უნარშეზღუდული მგზავრებისთვის და მე-2 კლასი (4- ადგილიანი კუპეებით).„ლუქსი“-ს და „კომფორტ+“-ს კატეგორიის ვაგონები აღჭურვილია საშხაპეებით, ყველა კატეგორიაში არის კონდიციონერი და ტელევიზორი.კლასის მიხედვით, ვაგონები გათვლილია 16, 18, 20, და 32 მგზავრზე, მთლიანობაში კი მატარებელი 257 ადამიანს იტევს.

მატარებლის განსაკუთრებული მახასიათებელი არის ის, რომ მას გააჩნია ურიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრავი შემადგენლობის გადაყვანას საბჭოთა სტანდარტიდან ევროპულზე. ამისთვის, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს სპეციალური სადგური, სადაც მოხდება სწრაფი გადაყვანა ერთი სტანდარტიდან მეორეზე.

ბაქოდან თბილისში მატარებელი 7 საათში ჩავა, ყარსში 12-ში, ანკარაში - 34-36 საათში.

ბაქო-ყარსის მაგისტრალზე მატარებლების მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარეა 160 კმ. საათში, თუმცა, საშუალო მაჩვენებელი იქნება შედარებით დაბალი - 100-130 კმ. საათში. ამ დროში შედის დრო საზღვარზე საბაჟო პროცედურების გავლაზე.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია რა იღირება ბილეთები, თუმცა მგზავრობის ფასი ვაგონების კატეგორიებზე იქნება დამოკიდებული. 

"თურქეთის სარკინიგზო ჟურნალისა და მიმოხილვის"ცნობით, ბაქო-თბილისი-ანკარას ღამის მატარებლის სერვისის დაწყება გადაიდო. ჟურნალის ცნობით, ამ მაგისტრალზე სამგზავრო მატარებლის მომსახურება აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც მაშინ აზერბაიჯანის რკინიგზის ოფიცერმა განაცხადა, მატარებელის მზადყოფნის მიუხედავად, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟო ოპერაციები ჯერ არ არის მზად, რაც ამ სერვისის ანმოქმედებას აფერხებს.

სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა report.ge-ს უხსნის, რომ ბაქო-თბილისი-ანკარას შორის სამგზავრო ხაზი ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება, მაგრამ საქართველოს მონაკვეთზე არის ერთი დიდი პრობლემა.

"საქართველოს და აზერბაიჯანის მხარეებს შორის შეთანხმებით, მას შემდეგ რაც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა აშენდება, უნდა შეიქმნას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ერთობლივი საწარმო, რომელმაც უნდა გაუწიოს ექსპლუატაცია მატარებლების მოძრაობას. ეს სარკინიგზო კომპანია შექმნილი არ არის. ჩნდება ბუნებრივი კითხვა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ,  რატომ არ იქმნება აზერბაიჯანის მხარესთან ერთად ერთობლივი საწარმო?" - კითხულობს ექსპერტი და დასძენს, რომ შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" - ეს არის კომპანია, რომელსაც ევალება ინფრასტრუქტურის აშენება, თუმცა არა ექსპლუატაცია.

report.ge დღესვე მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს კითხვებით:

1.რატომ არ იქმნება აზერბაიჯანის მხარესთან ერთად ერთობლივი საწარმო?

2.რა საბაჟო ოპერაციების პრობლემებზე საუბრობს აზერბაიჯანული მხარე საქართველო-თურქეთის საზღვარზე, რაც აზერბაუჯანული მხარისვე მტკიცებით, აფერხებს ბაქო-თბილისი-ანკარის სამგზავრო სარკინიგზო სერვისის ამოქმედებას?

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system