თავში

ბანკებს დაკრედიტების პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

ბანკებს დაკრედიტების პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ
ბანკებს დაკრედიტების პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბანკები სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდებიან, თუკი დაკრედიტების პოლიტიკა არ შეიცვლება. ცვლილების საჭიროებაზე საუბრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის შეფასებითაც, ბანკების საკრედიტო პორტფელები ხარისხის მაჩვენებელს კარგავენ, რაც ეპიდემიისგან გამოწვეულ პრობლემას უკავშირდება.

,,საუბარია, რომ დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდება და ასეც არის მოსალოდნელი. რიგი პრობლემებია, რაც სექტორის მდგრადობას საფრთხეს უქმნის და ამის გაუთვალისწინებლობა არაფრით არ შეიძლება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიამ დიდი პრობლემა შეუქმნა ბანკებს და აშკარად არახელსაყრელ პირობებში უწევთ საქმიანობა, რეალურად ეკონომიკის სტაგნაციაა, რაც ბანკებსაც ითრევს. ამ პროცესის გამო საკრედიტო პორტფელები ხარისხის მაჩვენებელს კარგავენ, ამიტომ გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, რომ დაკრედიტების პრინციპი გადაიხედოს და შეიცვალოს მიდგომა. ბოლოს და ბოლოს, ბანკებიც უნდა მიხვდნენ, რომ ძველებური მეთოდებით დაფინანსება შეიძლება წამგებიანიც აღმოჩნდეს. ახლა მთელი გულისყური მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ უნდა იყოს მიპყრობილი. ერთ-ერთი გამოსავალია, რომ დაკრედიტება მოახდინონ უზრუნველყოფის გარეშე, შეღავათიანი პირობით. ქვეყანაში კრიზისია და ბიზნესმა გადახდისუნარიანობა რომ შეინარჩუნოს, მათთვის გაცილებით მოქნილი და გამარტივებული პირობებია შესათავაზებელი. ბანკები ამ ფაქტორს თუ არ გაითვალისწინებენ, სესხების ვადაგადაცილების ზრდა გაგრძელდება და კიდევ მეტი პრობლემა შეექმნებათ" - აცხადებს ხომიზურაშვილი report.ge-თან.

ასეთ სიტუაციაში, როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ისეთი სექტორების დაკრედიტება, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, რაც ბიზნესს სიცოცხლისუნარიანობას შესძენს და მათი გადახდის მაჩვენებლები გაუმჯობესდება. ელიავა საკრედიტების დაახლოებით ისეთ მექანიზმს გულისხმობს, როგორიც, მაგალითისთვის,  როგორის მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის მიმართ შეიმუშავა, რითაც დარგს გადარჩენის შანსი მისცა და ამავდროულად საბანკო სექტორიც წაახალისა.

,,ბიზნესი ზარალიანი გახდა, სექტორების უმეტესობა ეპიდემიის გამომ მძიმე მდგომარეობაშია.  პარალელურად გაუჭირდა საბანკო სექტორსაც, ხოლო ყველაზე დაზარალებული საბოლოოდ მაინც ქვეყნის ეკონომიკაა. რთული პანდემიური სიტუაციაა და ახლა გამსოავალი უნდა მოიძებნოს. პირველ რიგში, როგორმე უნდა ამუსავდეს ბიზნესი და მასზე გაცემული სესხების რაოდენობაც მოიმატებს. სოფლის მეურნეობას და მრეწველობას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს ფინანსური და არაფინანსური დახმარებაც, რადგან დამოუკიდებლად ეს დარგები ვერ განვითარდებიან. ასეთ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია, ბანკებმა შექმნან ისეთი სტიმული, რომ მათთვის ხელსაყრელი იყოს ამ სფეროების დაფინანსება, უძრავი ბაზრის სუბსიდიის მსგავსი პროგრამა მრეწველობისა და სოფლის განვითარების მიმართულებითაც უნდა შემუშავდეს", - აცხადებს ლია ელიავა report.ge-თან. 

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, ქვეყანაში დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდება. ამის შესახებ TBC Capital-ის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული. ორგანიზაცია სესხების ზრდის 9%-იან ტემპს პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. TBC Capital-ის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, უცვლელია 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის კვლავ 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, TBC Capital-ი 2021 წლის დეკემბერში, ერთი დოლარის ღირებულებას 3.2-3.5 ლარის ფარგლებში ვარაუდობსმ ხოლო ინფლაცია, მათი პროგნოზით. მიმდინარე წლის ბოლოს 6%-7%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system