თავში

ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან - თურნავა

ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან - თურნავა
ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან - თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ომან ეარი“ არაბული სახელმწიფოს ავიაგადამზიდავი კომპანია შემოვა და დაიწყებს ფრენებს, კვირაში რამდენიმე სიხშირით, ასევე ივლისიდან დავუდასტურეთ ჩვენ დაბალბიუჯეტიან ევროპულ კომპანიას „ლუფტჰანზას“ შვილობილ კომპანიას „ევრო ვინგს“ და ის დაიწყებს კვირაში რამდენიმე სიხშირით ფრენას თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით. ასევე შემოდის პერმანენტული მოთხოვნა უკვე მოქმედი ავიაკომპანიებისგან სიხშირეების გაზრდაზე. ეს პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის, ტურიზმის აღდგენა და გაჯანსაღება გაგრძელდება. ჩვენ გვექნება მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილავთ ამ მიმდინარეობს, რა შეიძლება გავაკეთოთ რომ საზღვრის კვეთა უფრო ეფექტური, უფრო კომფორტული გახდეს და მეტად დავეხმაროთ ეკონომიკას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებზე ისაუბრა.

„ერთი კვირაა, რაც სახმელეთო საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ამან პირველი შედეგები სახმელეთო საზღვრების კვეთის თვალსაზრისით მომატებული ტურისტული ნაკადების სახით უკვე მოგვცა. აღდგა სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის. 15 ივნისს ერევანი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით თბილისის გავლით პირველი მატარებელი დაიძრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოდან საქართველოს ტურისტები ტრადიციულად ესტუმრებიან", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"თურქეთის რესპუბლიკასთან სახმელეთო საზღვრით შეუფერხებელი გადაადგილება მიმდინარეობს. უკრაინიდან არის მომატებული ტურისტების რაოდენობა. მათ შეუძლიათ როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით გვესტუმრონ. აზერბაიჯანთან, როგორც ვიცით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და დაბრუნდებიან აზერბაიჯანში მიღების წესების გამარტივებაზე. იმედი გვაქვს, რომ არ დააყოვნებს ეს გადაწყვეტილება და გვექნება შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ აზერბაიჯანის ტურისტებს“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system