თავში

ბიტკოინის ღირებულება გაორმაგდა

ბიტკოინის ღირებულება გაორმაგდა
ბიტკოინის ღირებულება გაორმაგდა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტის ფასი 30 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. მზარდი საფასო ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში მაინინგის პროცესის გააქტიურება ნაკლებად მოსალოდნელია. ამის მიზეზი, როგორც ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, წარმოების მაღალი ღირებულებაა.

მიუხედავად ამისა, როგორც თუთბერიძე ამბობს, ქართველი მომხმარებელი დიდ მოგებაშია, რადგან ფასი დიდხანს დაბლა იყო და მათ მიერ გაწეული ხარჯი არათუი გასწორდება, სერიოზულ შემოსავალსაც მოიტანს. თუმცა ფინანსისტი საუბრობს იმაზეც, რომ ტრენდი ხანგძლივად ვერ გაგრძელდება.

,,ფასი ბოლო პერიოდში მატულობს და ასე გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ტენდენცია შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. ის, რომ ციფრული ვალუტის ღირებულება მატულობს და მის მიმართ ნდობაც გაიზრდება, ასე არ არის, მომხმარებელი ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნება. არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როცა ბიტკოინი ეტაპობრივად ძვირდებოდა, მაგრამ მალევე განიცდიდა კორექციას და ფასი დაბლა იწევდა. ამიტომ ვერ გეტყვით, გამოიჩენენ თუ არა ნდობას ბიტკოინის მიმართ, რადგან მისი მაღალი ღირებულება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მაინინგის პრაქტიკა ისევ შემოვა მოდაში და აქტუალური გახდება. ხშირ რყევებს განიცდის, რის გამოც ბევრი დაზარალებულა, საკმაოდ მძიმე გამოცდილებაც არსებობს, რაც დღემდე ახსოვთ ციფრული ვალუტის მოყვარულებს და მიმდევრებს. ბიტკოინი საკმაოდ არამყარი ვალუტაა და მასზე იმედის დამყარებას ვერავის ვურჩევ. მით უმეტეს, არასახარბიელო მოცემულობაა, როცა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები გაჩერებულია. ევროპა არის პარალიზებული, აშშ-შიც ჭირს სიტუაციის დასტაბილურება. ასე დიდხანს თუ გაგრძელდეა, ფინანსური მდგომარეობა ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაუარესდება და მათ შორის, ბიტკონის აქტივებიც დაეცემა", - ამბობს ფინანსისტი report.ge-თან.

როგორც ფინანსისტი განმარტავს, ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

დაახლოებით თვენახევრის წინ მისი ფასი 17 000 დოლარს ოდნავ აჭარბებდა, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system